ზღვაში დაკარგული ჯარისკაცების ძებნა საქართველოში არსებული რესურსით გაგრძელდება

გონიოს ზღვაში გეგმური წვრთნების დროს დაკარგული ჯარისკაცების ძებნა საქართველოში არსებული რესურსით გაგრძელდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჯარისკაცების საძმებრო სამუშაოები თურქულმა მხარემ შეწყვიტა.
”ძალიან მძიმე ფაქტია ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის. მე, პირადად, ვიყავი ოჯახთან, არ გამიწყვეტია მათთან კონტაქტი. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ განცდა მუდმივად, რომ მთელი უწყება, როგორც ერთი ოჯახი განიცდის ამ ფაქტს და მინისტრი არის ამ ოჯახების გვერდით, ყველაფერს აკეთებს, რათა ვიპოვოთ ჩვენი ბიჭები.
სწორედ ამიტომ მივმართე თურქულ მხარეს და მათ 11 დღის განმავლობაში დაუღალავი შრომა გასწიეს. მათ თავიანთი ტექნიკური რესურსები ამოწურეს და მე ვალდებული ვიყავი, ამის შესახებ უშუალოდ ოჯახის წევრებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია.
მე ოჯახებს ვუთხარი, რომ თურქულმა ხომალდმა შეწყვიტა ძებნა, მაგრამ სამძებრო სამუშაოები იმ რესურსებით, რაც ქართულ მხარეს გააჩნია, გაგრძელდება. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს ბიჭები ვიპოვოთ. სხვა უწყებებიც მობილიზებული არიან, რომ სამძებრო სამუშაოები გავაგრძელოთ”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ინტენსიური სამძებრო სამუშაოები 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ძებნის ოპერაციაში თურქეთის სამხედრო- საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟი იყო ჩართული, თუმცა 11-დღიანი სამუშაოების შემდეგ თურქულმა მხარემ სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. თურქული მხარის განმარტებით, ძებნის ოპერაციის გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ გამოიღებს, რადგან მათი მხრიდან ყველანაირი რესურსი იქნა გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები