გიგა ბოკერია დაკითხვაზე გამოცხადდა
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც ბოკერიამ განაცხადა, დაკითხვაზე დაბარება მისთვის მოულოდნელი არ იყო.
„ეს ამბავი აბსოლუტურად არ ყოფილა მოულოდნელი. ივანიშვილი, როდესაც ის პრემიერი იყო და ამის შემდეგაც საჯაროდ აგრძელებს ამ ქვეყნის დე-ფაქტო მმართველობას. მას ეს ამბავი საჯაროდ აქვს დაანონსებული ანუ პოლიტიკური დაკვეთა აქვს ნათქვამი. ესეც რომ არ იყო პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება დღევანდელი ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად პროკურატურასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები”, მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები იმყოფებიან. ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატ ოთო კახიძესთან ერთად შევიდა.
ბოკერია საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე 15:00 საათზე იყო დაბარებული. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს. მთავარი პროკურატურის ცნობით, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.