ლევან იზორია სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო: თუ ეს დაუდევრობა იყო, გაძლევთ პირობას, რომ პასუხს აგებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ვახტანგ კაპანაძესთან ერთად გონიოში იმყოფება. ლევან იზორია ადგილზე პირადად გაეცნო საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობასა და გამოძიების დეტალებს. თავდაცვის მინისტრი დაკარგული სამხედროების მშობლებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ პირად კონტროლზე ჰყავს საქმე აყვანილი.
“გამოძიება დაიწყო და მიზეზებს დავადგენთ. თუ ეს იყო დაუდევრობა, ბუნებრივია, პასუხს აგებენ, გაძლევთ პირობას. ახლა მთავარი ამოცანაა, სამაშველო ოპერაცია მივიყვანოთ ბოლომდე. ამერიკელებიც აქ არიან, თურქულ მხარეს ვთხოვეთ, დაგვეხმარონ, მათ აქვთ გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების. პირად კონტროლზე იქნება ეს საქმე, ძალიან გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შავ ზღვაში სპეციალური ოპერაციების ძალების ორი ქართველი სამხედროს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები კვლავ გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენიც მონაწილეობს, რომელიც შესაბამისი სამაშველო შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
ადგილზე იმყოფება სამხედრო პოლიციისა და გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა. საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, აშშ-ს მთავრობამ დაავალა აშშ-ს ევროპულ სარდლობას, რომ სპეციალური დანიშნულების ძალებმა მიიღონ ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობა. გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყონებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები