პოლკოვნიკი ზღვაში დაკარგულ სამხედროებზე: უსაფრთხოების ზომების დარღვევას ადგილი არ ჰქონია

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ უსაფრთხოების არანაირი ზომების დარღვევას, ტექნიკურ გაუმართაობას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ სპეციალური ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ გონიოში სამხედრო სწავლების დროს ორი სამხედროს გაუჩინარების თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
“გუშინ, გეგმური სწავლების დროს, საზღვაო სპეცდანიშნულების რაზმის ორი კურსანტი დაიკარგა ზღვაში, რომლებიც ასრულებდნენ წყლის ზედაპირიდან ფსკერის მიმართულებით ჩაყვინთვას. მიმდინარეობს მათი ძებნა-გადარჩენის ოპერაცია, მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებს ვერ გეტყვით”, – განაცხადა დიმიტრი კიკნაძემ.
გუშინ სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ შავ ზღვაზე გეგმური საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლების დროს, ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთვის შემდეგ, ვერ შეძლო ზღვის ზედაპირზე ამოსვლა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე დაუდგენელია. სამხედროების გაუჩინარებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის და გამოძიების მთავარი სამმართველოები, ასევე სპეციალური დანიშნულების ადგილობრივი დანაყოფი, საქართველოს შსს-ს შესაბამის დანაყოფებთან ერთად, ახორციელებენ. მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები