ბურჭულაძის პარტია ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ათობით აქტივისტმა დატოვა

ბათუმში პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და ათობით აქტივისტმა დატოვა. შესაბამისი განცხადება პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიგა ფარტენაძემ გააკეთა და გადაწყვეტილების საფუძველზე ისაუბრა. 13940978_505638039642384_1325233341_n
როგორც ფარტენაძემ განაცხადა, პარტიამ ვერ შეძლო რეგიონის საზოგადოებასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მისი შეფასებით, მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლების შედეგია.
„აჭარის რეგიონის რეგიონული ახალგაზრდული მიმართულება მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოძრაობა რეგიონში ადეკვატურად ვეღარ პასუხობს არსებულ რეალობას, რაც კარგად ჩანს პარტიული და საარჩევნო კამპანიის სტრუქტურების მშენებლობასა და საქმიანობაში, ხოლო ეს უკანასკნელი კარგად ავლენს, რომ პოლიტიკური მოძრაობა შორს დგას არსებული რეალობისგან.
ჩვენ რეგიონის ახალგაზრდებს, ვისაც შეგვტკივა გული ჩვენი რეგიონის განვითარებისათვის, მივისწრაფვით აქ არსებული პრობლემების გამოვლენის და მათი გადაჭრის გზების დასახვისთვის და მოძრაობა მიგვაჩნდა მსგავსი ამოცანების რეალიზების ერთ-ერთ უმთავრეს რესურსად, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ვერ შეძლო საზოგადოებრივ ინტერესებზე კონცენტრირება, მასთან დაახლოებისთვის ვერ მოახერხა რეგიონის საზოგადოებასთან სწორხაზოვანი დიალოგის წარმოება, რაც მოძრაობის არასწორი სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლების შედეგია.
უფრო მეტიც , ბოლო პერიოდში მოძრაობის გარშემო სულ უფრო მეტად ჩნდება პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს მათი საზოგადოებისათვის მიუღებელ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებში ალიანსში. სამწუხაროდ, უყურადღებოდ დარჩა მოძრაობის ახალგაზრდული აქტივი, რომელსაც ბოლო სამი თვეა მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმით უწევს პარტიული დავალების შესრულება და ეს იმ ფონზე, როცა აშკარად იკვეთება პარტიული ელიტის კერძო, ძვირადღირებული ვოიაჟები ქვეყნის შიგნით და გარეთ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოძრაობის ახალგაზრდულმა მიმართულებამ მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება პოლიტიკური მოძაობის რიგების დატოვების და ინდივიდუალურ დონეზე საზოგადოებრივი საქმიანობის გაგრძელების შესახებ“, – განაცხადა გიგა ფარტენაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები