რა კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა გიგა ბოკერიას
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გრიფით საიდუმლო სისხლის სამართლის საქმეზე დაჰკითხავენ. უწყების საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი დავით თევზაძე კითხვებს გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებზე დაუსვამს.
როგორ იხარჯებოდა ექსპრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები, ამის შესახებ მოკვლევა ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ გამოაქვეყნა. მოკვლეული მასალები ორგანიზაციამ ორ ნაწილად გამოაქვეყნა.
ნაწილი პირველი: ორგანიზაცია IDFI-ს მიერ მოკვლეული მასალებით ირკვევა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2012 წლის 1 იანვრიდან 27 ივლისამდე სულ გამოიყო 39.641.372.2 ლარი, 596.095 დოლარი და 1.284.956 ევრო. 2012 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების უდიდესი წილი, 33 მილიონ 50 ათასი ლარი, მოდის რეგიონებში „ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების“ დაფინანსებაზე.
2012 წლის მანძილზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ყველაზე მეტი – 2.200.000 ლარი ქ. რუსთავის მერიამ მიიღო (1.000.000 12 ივლისს, ხოლო 1.200.000 – 26 ივლისს). ამასთან, ქ. რუსთავის მერიამ 4 აპრილს მიიღო 800.000 ლარი „კულტურისა და დასვენების პარკის საწყისი სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯების“ დასაფინანსებლად. სულ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ქ. რუსთავის მერიამ 2012 წლის 1 იანვრიდან ივლისის ჩათვლით 3.000.000 ლარი მიიღო. https://opendatablog.wordpress.com/2012/11/13/prezidentis-sarezervo-fondidan-gamoyofii-tanxebi-nawili-pirveli/
ნაწილი მეორე: პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 1.554.734 ლარი გამოიყო ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა გაზეთ „გურჯისტანისა“ და „ვრასტანის“ დაფინანსება, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ოფისის რემონტი ან სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურების საქართველოში ტრანსპორტირება. ასევე ინტერესს იწვევს ქალაქ ლაზიკაში დაგეგმილი ღონისძიების უზრუნველსაყოფად გამოყოფილი 600.000 ლარი. https://opendatablog.wordpress.com/2012/11/14/prezidentis-sarezervo-fondidan-gamoyofili-tanxebi-nawili-meor/