გია ვოლსკი: ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს, ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში

ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს. არასდროს გვქონია და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დღეს დაგეგმილ ბიუროს სხდომაზე დასწრების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 15 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე დასწრება უმრავლესობის წევრებმა პარტიული ღონისძიების გამო ვერ შეძლეს.
„ვთქვით, რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით მისვლას და საკმაოდ ადრე იყო ეს შეტყობინება გაშვებული იმისთვის, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალურის მსგავსი სიტუაცია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 15:00 საათისთვის, პარლამენტის ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომის ნაცვლად დაინიშნა. 15 აგვისტოს პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის უქონლობის გამო ვერ გაიმართა.
სხდომაზე ”ქართული ოცნებისა” და ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ მივიდნენ. ბიუროს მსჯელობის თემა ორი საკონსტიტუციო ინიციატივაა. უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები