ქეთევან ციხელაშვილის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ პეტრე კანკავა დაინიშნა.
როგორც “კვირას“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პირველი მოადგილე დღეს, აპარატის თანამშრომლებს წარუდგინა.
პეტრე კანკავა 1977 წლის 1 აგვისტოს, ქალაქ თბილისში დაიბადა. 1999 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. არის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება. 2015 – 2016 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ, 2010-2015 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში წამყვან თანამდებობაზე, 2009 წელს იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2005– 2009 წლებში კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი და დროებითი რწმუნებული, ხოლო 2004 – 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2000 – 2004 წლებში ქალაქ ათენში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, 2000 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ატაშედ, 1999 – 2000 წლებში კი საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის სპეციალისტად.