ნარკოტიკების მოხმარებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ინსპექტორი ნიკოლოზ სახოვოი და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ეროვნული ბიუროს ოფიცერი კოშკარ ოსმანოვი.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, 2014 წლის 24 მარტს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს II სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, ინსპექტორი ნიკოლოზ სახოვოი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ აღმოაჩნდა. იმავე დღეს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
“2014 წლის მარტის დასაწყისში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცერმა კოშკარ ოსმანოვმა პრობაციონერს 1800 ლარის მისთვის გადაცემის შემთხვევაში, საზღვარგარეთ გამგზავრების საკითხის დადებითად გადაწყვეტას დაჰპირდა და მოატყუა, რომ ამ საკითხს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უზრუნველყოფდა. 22 მარტს აღნიშნულმა პრობაციონერმა მოთხოვნილი თანხა გადასცა კოშკარ ოსმანოვს, რის შემდეგაც პრობაციის ოფიცერი დააკავეს. 23 მარტს კოშკარ ოსმანოვს წარედგინა ბრალდება თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“,-აცხადებენ სამინისტროში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს სისტემაში დასაქმებულ მოსამსახურეებს, რომ თავი შეიკავონ სამინისტროს დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავს ფაქტზე რეაგირება უმკაცრესი იქნება.