გიორგი მარგველაშვილი: შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ

“შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ“, – ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი 8-წლიანი ისტორია.
გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გიორგი ანწუხელიძის გმირობის შესახებ ისაუბრა.

„გიორგი ანწუხელიძემ იმ დღეებში ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნა მომავლის იმედი, ღირსება და საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ. ამ იმედით და ამ ემოციით ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოღვაწეობას იმისთვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და რეალურად მივიდეთ იმ ისტორიულ სამართლიანობამდე, რომელიც ერთიან საქართველოს აძლევს განვითარების, რეგიონის გაძლიერების და ქართველი ერისთვის მისი კუთვნილი ადგილის მიჩენის შესაძლებლობას. 8 წლის წინ მოხდა ომი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ გაუგებარ პრეცედენტად შევა ომების ისტორიაში… ეს არის ვითარება, როდესაც არც ერთმა მხარემ არ მოიგო, არამედ ყველამ წააგო“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, ომიდან 8 წლის თავზე აბსოლუტურად იზიარებს იმ საგარეო კურსს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.

„ესაა სტრატეგიული მოთმინების კურსი, რომელიც ორიენტირებულია რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე. პირველი ესაა არაღიარების პოლიტიკის მტკიცე შენარჩნება, რადგან ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ არც ერთ კონტექსტში არავინ – მსოფლიო სახელმწიფოების უმეტესობა არ მიიღებს ამ ოკუპაციას, არ მიიღებს ფაქტს, რომ მეზობელმა ქვეყანამ მეორე მეზობელ ქვეყანას საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები შეუცვალა. ეს ასეც არის და ამას ვაგრძელებთ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი მხარდაჭერა დევნილთა და ლტოლვილთა ღირსეული დაბრუნების კუთხით გაეროში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ჩვენ რუსეთს კი არ ვუპირისპირებთ ხმამაღალ, მჭახე განცხადებებს, არამედ ვთავაზობთ საუბარს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ფორმატებს, რომლითაც ეს ისტორიული აბსურდი, რომელიც ჩადენილია საქართველოს მიმართ, უნდა გამოსწორდეს. არავის უთქვამს, რომ ეს იქნება ერთ დღეში ან ორ დღეში და რომ ასეთი რაციონალური პოლიტიკა ნაყოფს გამოიღებს დღეებსა და თვეებში, მაგრამ ეს არის ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც შენ უნდა ელაპარაკო შენს მეზობელ, ბირთვულ სახელმწიფოს და მეტიც, ესაა ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ რეალურად შეგვაძლებინებს არა მარტო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ ჩვენი იმ მოქალაქეების დაბრუნებას, რომლებიც ცხოვრობენ ამ ოკუპირებლ ტერიტორიებზე“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები