ია ანთაძე – დუნია მიატოვიჩის შეფასება მედიასთან დაკავშირებით, რეალურ ფაქტებს ემყარება

ჟურნალისტ ია ანთაძის განცხადებით, დუნია მიატოვიჩს არანაირი მოტივი არ აქვს რეალური ფაქტების არარსებობის გარეშე თქვას, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ, პროგრესია.
ანთაძის შეფასებით, ქვეყანაში მედიაგარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ციფრულმა მაუწყებლობამ.
“დუნია მიატოვიჩს არანაირი მოტივი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, თქვას, რომ ამ მხრივ პროგრესია საქართველოში, თუ არ ემყარება მისი შეფასება რეალურ ფაქტებს. რა თქმა უნდა, ეს ასეა და არ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც არის მიუკერძოებელი არ დაეთანხმოს ამ შეფასებას, რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას შემდეგ, რაც ძალიან ადვილი გახდა მაუწყებლობა, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, ჰქონდეს თავისი მაუწყებლობა აღარ აქვს არანაირი დაბრკოლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხედავთ,  საქართველოში, ტელევიზორში არის ძალიან ბევრი არხი, მათ შორის რეგიონული ტელევიზიები. დღეს, ნებისმიერი ინფორმაცია ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე იყო მაშინ, როდესაც შეზღუდული იყო მაუწყებლობა. ის ფაქტი, რომ ციფრულმა მაუწყებლობამ გახსნა ქართული მედია ავტომატურად ნიშნავს მისი დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს. ის, რომ ყველა აზრი ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის, ამაში ეჭვი არ მეპარება და ვთვლი, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინსვლაა ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა ანთაძემ.
ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საქართველოს პროგრესზე საუბრობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ეუთო-ს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა წერილი გამოუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფართოდ აღიარებულ პროგრესს მედიისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით.
აღნიშნულ კონტექსტში, მიატოვიჩი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ამ სამაგალითო მიღწევის დაცვას და გაღრმავებას და შეინარჩუნებს ქვეყანაში მრავალფეროვან, აქტიურ და პლურალისტულ მედიაგარემოს.
საგარეო უწყების ცნობით, დუნია მიატოვიჩმა მზადყოფნა გამოხატა, დაეხმაროს საქართველოს ამ მნიშვნელოვან პროცესში და მიაწოდოს აუცილებელი რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები