გიორგი პაპუაშვილი ვა-ბანკზე მიდის?

საკონსტიტუციო სასამართლო, შესაძლოა, დიდი პოლიტიკური მიწისძვრის ეპიცენტრი გახდეს. გიორგი პაპუაშვილი აქამდე თუ სკანდალურ განცხადებებს აკეთებდა, ახლა როგორც ინფორმაცია არსებობს, დიდი სენსაციის დადებას აპირებს. თუ განცხადებები ცარიელი სიტყვები იყო და პროკურატურამ ის მარტივად გაშიფრა, ვითარება კი გაანეიტრალა. ახლა, ცნობილი ხდება, რომ პაპუაშვილი და მის უკან მდგარი ძალები სერიოზული სკანდალის გახეთქვას აპირებენ და იმ ფირების გარეთ გამოტანაზე მსჯელობენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს გადაიღო და პირადი ცხოვრების ამსახველ ფრაგმენტებს შეიცავს. როგორც ჩანს, ასე აპირებენ, ვითარების საბოლოოდ აფეთქებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სახიფათო თამაშები წამოიწყო და, როგორც ჩანს, უკან დახევას არ აპირებს. ახლა ის ვა-ბანკზე მიდის და პროცესი უკვე ფეთქებადსაშიშ ფაზაში გადაჰყავს.
უკვე ცხადი ხდება, რომ გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და ამისთვის ბინძურ მეთოდებსაც არ ერიდება. თუმცა, დღემდე უშედეგოდ.
როგორც ჩანს, სქემა, რომელიც როგორც ღიად მიანიშნებენ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად დაიგეგმა მასშტაბური უნდა ყოფილიყო. თითქოს ყველაფერი ასეც დაიწყო. გიორგი პაპუაშვილი გააკეთებდა სრულიად ზოგადი ხასიათის სკანდალურ განცხადებას და აჰყვებოდა მას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.
გათვლა მარტივი იყო: სკანდალური განცხადება, პლიუს ხმაური სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებებიდან უდრის ხელისუფლების აფეთქებას.
თუმცა, ერთია გააკეთო სკანდალური ასაფეთქებელი მინა, მეორეა ის კარგად დაამაგრო ხელისუფლების კულისებში და შემდეგ აამოქმედო.
ყველაფრიდან ჩანდა, რომ პაპუაშვილს ნელი მოქმედების მინა ამოქმედებული ჰქონდა და ის, თითქოს, ასაფეთქებლადაც მზად იყო. თუმცა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში გეგმამ არ იმუშავა და სქემა სამარცხვინოდ ჩაიფუშა.
ერთხელ პაპუაშვილმა პანიკური ხასიათის განცხადება გააკეთა. მან თქვა: ჩემი ოჯახის წევრებს ემუქრებიანო.
თუმცა, მას, როგორც იურისტს, საკუთარი ოჯახის უფლებებისა და ღირსების დაცვა გამოძიების ან სასამართლოს გზით არ უცდია. სამაგიეროდ, სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს და გამოძიება აქტიურად დაიწყეს. დაიკითხნენ გიორგი პაპუაშვილი და მისი მეუღლე, რომლის ტელეფონზეც განხორციელდა ეს მუქარანარევი ზარი.
დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ პირი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის წევრს ემუქრებოდა, არც მეტი, არც ნაკლები, თურმე იმ მემწვანილის ცოლია, რომელიც მათ ეზოში მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის.
სარხან ისმაილოვთან დაკავშირება ვერ შევძელით, მობილური გათიშული აქვს, თუმცა, გიორგი პაპუაშვილის მეუღლემ მაშინ განაცხადა.რომ თავიდან მას არ სურდა ამ თემაზე საუბარი, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიგო, რომ გარკვეული დეტალები მედიისთვის ცნობილი იყო, დაადასტურა, რომ გამოძიება ბოსტნეულის გამყიდველის ოჯახზე გავიდა, ამიტომაც აღნიშნა, რომ არც გამოძიებასთან აქვს რაიმე კითხვები და პრეტენზიები და არც მუქარა იყო სინამდვილეში საშიში და სახიფათო.
გიორგი პაპუაშვილის ცოლმა თეა ხოფერიამ მაშინ ერთ – ერთ მედიასაშუალებასთან საუბარში მხოლოდ ის თქვა რომ საუაბრი ამ თემაზე არ სურს:
– ამ თემაზე საუბრის სურვილი არ მაქვს, უკაცრავად… ეს ამბავი მე არ გამიხმაურებია, ამის სურვილი არც ერთ ეტაპზე არ მქონია…
უფრო ადრე გიორგი პაპუაშვილმა, მისივე შეფასებით, „საგანგაშო ფაქტი“ გაახმოვანა და თქვა: ხელისუფლებას ჩემზე  გარკვეული სახის კომპრომატი აქვსო, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის საუბრობდა ჩანაწერზე, რომელიც კანონიერად არსებობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, პაპუაშვილის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალა არსებობს, თუმცა ის უკანონოდ არ არის მოპოვებული – პოლიციის ოპერატიული მასალაა, რომლის ჩაწერის უფლებაც კანონმდებლობით დაშვებულია. „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“ ცნობილია ინციდენტის დეტალები, რომელსაც პაპუაშვილი კომპრომატს უწოდებს. კერძოდ, საუბარია შემთხვევაზე, რომელიც 2012 წლის სექტემბერში თბილისში ბესიკის ქუჩაზე მოხდა, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თავმჯდომარემ საპატრულო ეკიპაჟს აგინა და პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობა გამოიჩინა.
„ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან ოფიციალური წერილით მიმართა გიორგი პაპუაშვილს, სადაც განმარტებას სთხოვს იმის შესახებ, ხომ არ გულისხმობდა პაპუაშვილი მის წინააღმდეგ არსებულ მაკომპრომეტირებელ მასალად საპატრულო ეკიპაჟთან მომხდარ ინციდენტს, რომელიც საპატრულო ეკიპაჟმა ჩაიწერა:
_ მას 2012 წლის სექტემბერში დაპირისპირება მოუვიდა  პოლიციასთან. ეს არის ფაქტი, როცა გიორგი პაპუაშვილს წინასაარჩევნო პერიოდში თბილისში, მთაწმინდაზე, ბესიკის ქუჩაზე მოუვიდა მნიშვნელოვანი დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა თავმჯდომარემ აგინა პოლიციელებს, უშვერი სიტყვებით მოიხსენია ისინი და დაადანაშაულა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში. ამ ეკიპაჟმა ამოიცნო გიორგი პაპუაშვილი. მისი დაკავება იმუნიტეტის გამო ვერ მოხდა. – განმარტავდა მაშინ არჩილ კაიკაციშვილი.
ყოველ ჯერზე იყო მოლოდინი, რომ გიორგი პაპუაშვილის სკანდალურ განცხადებებს უკმაყოფილების ტალღა  მოჰყვებოდა. ის იტყოდა და ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც მაშინვე იწყებდა ამ ფაქტზე გამოძიების დაწყებას, აკრიტიკებდა ხელისუფლებას, უმოქმედობაში ადანაშაულებდა პროკურატურას.
თუმცა, გამოძიების შემდეგ, როცა ირკვეოდა რომ პაპუაშვილმა იცრუა, მათი მხრიდან რეაგირება აღარ ხდებოდა. ისინი ისევ მზად იყვნენ აყოლოდენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პროვოკაცუილ განცხადებებს.
ყველაზე ხმაურიანი მაინც მისი ბოლო განცხადება აღმოჩნდა. გიორგი პაპუაშვილმა ამჯერად განაცხადა რომ ზეწოლა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე გარკვეული საქმეების ფარგლებში. მას არც ამჯერად დაურღვევია ტრადიცია და სხვა არაფერი დაუკონკრეტებია, არც მოსამართლე დაასახელა, ვისაც ხელისუფლება აშანტაჟებდა და არც ის საქმე რის გამოც ხდებოდა ზეწოლა.
საქმის პოლიტიკური მოხაზულობა ასეთია: ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჩივის – ხელისუფლება მოსამართლეებს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებსო, მეორე მხრივ კი, თვითონ გვევლინება ზეწოლის ავტორად…
უფრო მეტი სიცხადისთვის: გიორგი პაპუაშვილმა ცეცხლთან თამაში 21 ივლისს დაიწყო ცნობილი სკანდალური ბრიფინგით. აიყოლია ოპოზიციაში გასული ყოფილი სახელისუფლებო პარტიების ლიდერები და შექმნა ფონი, რომ ქვეყანაში ყველა შანტაჟის ქვეშ არის… ეს, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორების ყურების გასაგონად.
სიტუაცია ძალიან მალე გადატყდა.
ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირებული ჯგუფების არსებობა გამოვლინდა – ხუთი ოთხის წინააღმდეგ, სადაც უმრავლესობა თავად პაპუაშვილს ადებს ხელს პოლიტიკური საქმეების ფორსირებაში, მიკერძოებაში და დიდი ალბათობით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. მალევე პროკურატურამაც გამოარკვია, რომ მოსამართლეებმა ზეწოლის ფაქტები არ დაადასტურეს. უფრო მეტიც, ის იმ კონკრეტული ეპიზოდით დაინტერესდა, სადაც, დიდი ალბათობით, პაპუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა შეიძლება დადასტურდეს, რაც იმპიჩმენტის საფუძველიც ხდება… საქმე ეხება ყბადაღებულ „კაბელების საქმეს“, რომელზეც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ მიიღო და ერთი და იგივე რეგისტრაციის ნომერი მიანიჭა. ამასთანავე, მისი მიღება და გამწესრიგებელი სხდომის დანიშვნაც ერთ დღეში მოხდა… რა თქმა უნდა, თუ გამოძიებისა და იმპიჩმენტის პროცედურების ვადებს გავითვალისწინებთ, არავის შეექმნება ილუზია, რომ ამ მიმართულებით მართლაც რამე ქმედითი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, რომ არასრულ 2 თვეში თავმჯდომარეს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა, მაგრამ აბსოლუტური საფუძველი არსებობს, ვივარაუდოთ, რომ, თუ აქამდე პაპუაშვილს ჰქონდა მთავარი სადავეები, საკუთარი გადაწყვეტილებებით ევაჭრა ხელისუფლებასთან, მინიმუმ, ამის საშუალება მოესპო, დანარჩენი ვერსიები კი გემოვნების საკითხია…
სკანდალი მხოლოდ მოსამართლეთა დაპირისპირებით და პაპუაშვილისთვის ნიღბის ჩამოხსნით არ ამოწურულა… საქმე კიდევ უფრო ღრმად წავიდა და იურისტებმა, მოსამართლეებმა, პროკურორებმა, ჟურნალისტებმა და კიდევ ბევრმა სხვამ, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდა, მასშტაბურად დაიწყეს ქექვა თითოეული სარჩელის მიღმა. ამის ძალიან მარტივი შესაძლებლობაც არსებობს. ყველა სარჩელი საკუთარი „ისტორიით“ საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული. მთავარია ლოგიკური ბმა და ყველაფერი ხელისგულზე იკითხება.
მაგალითად, ის, რომ „რუსთავი 2“-სა და შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ ყველა სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ შესაშურად მოკლე ვადაში დაასრულა საქმის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგიც დააყენა. პირველ შემთხვევაში 6 დღეში, მეორე შემთხვევაში კი ზუსტად ერთ კვირაში. როგორც ირკვევა, სწორედ ტელეკომპანია საქართველოს შემთხვევაშიც იგივე მომხდარა, რაც სკანდალურად გახმაურებულ „კაბელების საქმეზე“ – უკვე რეგისტრაციაგავლილ საქმეს დაემატა მოთხოვნები და ისევ შებრუნდა სასამართლოში იგივე რეგისტრაციის ნომრით…
გამოიკვეთა, რომ პაპუაშვილისთვის და მისთვის სანდო პირველი კოლეგიისთვის, სადაც 4 მოსამართლიდან სამი, როგორც ირკვევა, მეგობრობით, ძველ სამსახურში უფროს-უმცროსობით, კურსელობითა და ნათელმირონობით არიან დაკავშირებულნი „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, პრობლემას არ წარმოადგენს, რომ 1 დღეში, ან ერთ კვირაში საქმე სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გადაეცეს კოლეგიას, კოლეგიის თავმჯდომარის მიერ დაეწეროს მომხსენებელ მოსამართლეს, მომხსენებელმა მოამზადოს პროექტი და მოსამართლეებმა მიიღონ ის.
გიორგი პაპუაშვილმა ვერ შეძლო პოლიტიკური საქმეების დალობირება და ვერცერთი მის მიმართ ატეხილი საგანგაშო განცხადება ვერ ააგორა.
თითქოს უკვე ყველა მეთოდი ნაცადია. ჯერ პაპუაშვილმა თქვა, რომ მის მიმართ რაღაც ფირის გამოქვეყნებას აპირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს ფირი კანონიერი გზით ისევ სააკაშვილის დროინდელმა პატრულმა ჩაწერა; შემდეგ რომ ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს მემწვანილესთან მომხდარი გაუგებრობა იყო. ახლა მოსამართლეებმა პროკურატურაში არ დაადასტურეს მათზე ზეწოლის არცერთი ფაქტი.
არადა, მის განცხადებებს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო და ზეწოლაზე ვერავინ ისაუბრა.
რა დარჩა? გიორგი პაპუაშვილი ან ვა-ბანკზე უნდა წავიდეს ან უნდა აღიაროს, რომ “ნაციონალების” პოლიტიკურ თამაშში იყო ჩართული და მიზანმიმართულად ახდენდა ვითარების დაძაბვას.
რომელს აირჩევს პაპუაშვილი? სავარაუდოდ ვა-ბანკს. თუკი ის “ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთებს ასრულებს, ბუნებრივია, სახიფათო თამაშების დასრულებაზე გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებს, ნაციონალები კი გაჩერებას არ აპირებენ.
ერთადერთი რაც დარჩა, პროცესისთვის კიდევ უფრო მეტი სიბინძურის შემატებაა. რა შეიძლება იყოს კიდევ უფრო ბინძური?
და აქ ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა პროკურატურაში არ დაადასტურეს მათზე რაიმე სახის ზეწოლა – როგორც ამას თავად გიორგი პაპუაშვილი აცხადებდა – ახლა ის კოლეგებზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ინფორმაცია, რომელიც ჩვენს გამოცემას მიაწოდეს. ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს არის გაკეთებული.
როგორც ჩანს, ასეთი მძაფრი მეთოდებით ცდილობენ ისინი პროცესის გამწვავებას და სასურველი შედეგის მიღებას.
მამუკა ბარათაშვილი: სპეციალურად „კვირასთვის“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები