ბატონ გიორგის საერთოდ არ ვიცნობ – იაგო კაჭკაჭიშვილი ელდარ და გიორგი შენგელაიების წერილზე საუბრობს

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ძმებ, ელდარ და გიორგი შენგელაიების წერილში ფიგურირებს, აცხადებს, რომ გიორგი შენგელაიას საერთოდ არ იცნობს.
საუბარში კაჭკაჭიშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, გიორგი შენგელაიამ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილს კახეთში წარსადგენი “ქართული ოცნების” სავარაუდო კანდიდატების სია გადასცა, სადაც იაგო კაჭკაჭიშვილის სახელი და გვარი იყო მოხსენიებული, “ფეისბუქის” საშუალებით შეიტყო.
“საერთოდ არაფერი ვიცი ამის შესახებ. გერმანიაში ვიმყოფები. მეტიც, ბატონ გიორგის საერთოდ არ ვიცნობ”, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
შეგახსენებთ, გაზეთ “რეზონანში” გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ხელს გიორგი და ელდარ შენგელაიები აწერენ, საუბარია იმაზე, რომ გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას, გიორგი შენგელაიამ მას სია გადასცა.
“ჩვენის აზრით, პარლამენტში უნდა იყვნენ არა მარტო საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ჭაღარა ხალხიც (შეხედონ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებს). ჩვენ წარვუდგინეთ ბ/ნ კვირიკაშვილს ასეთი ხალხის სია და გიორგიმ გადასცა ეს სია გორში კვირიკაშვილს. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, პაატა ქურდაძე, პეტრე მამრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი. შეისწავლონ ეს სია და დაიბარონ ისინი გასაუბრებაზე. გორში ჩვენი ლობირებული კანდიდატების სიის გადაცემისას კვირიკაშვილმა უთხრა გიორგის: “დაისვენეთ, ბატონო გიორგი, დაისვენეთო” (ანუ თავი დაგვანებეთო). გიორგის უნდოდა მისთვის თქმა, რომ ისვენებენ მხოლოდ საფლავში, მაგრამ გარშემო მყოფი გორელების მოერიდა”, – აღნიშნულია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები