მამუკა კაციტაძე: ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს წარსულთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები გვაქვს

„ახალი მემარჯვენეების“ დღევანდელი პარტნიორები წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და განსხვავებული შეხედულებები გვაქვს წარსულის შეფასებებთან დაკავშირებით, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით, თითქმის იდენტური ხედვები გვაქვს.
ამის შესახებ„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გასვლას პოლიტიკური ბლოკის სახით ვაპირებდით, რადგან 4 წლის წინ შექმნილმა ორპოლუსიანმა პოლიტიკამ შექმნა ისეთი რეალობა, რომ თუ გინდა, მომავალში გავლენიან პოლიტიკურ აქტორს წარმოადგენდე ქართულ პოლიტიკაში, საჭიროა, ძალისხმევისა და ყველა ტიპის რესურსის გაერთიანება და კოორდინაცია. ეს საშუალებას მოგცემს, არა უბრალოდ ბარიერის დაძლევაზე, არამედ პარლამენტში ისეთი წარმომადგენლობის შექმნაზე იფიქრო, რომელიც იქნება განმსაზღვრელი სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისას“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მისივე აზრით, ძალთა კონსოლიდაციის პირობებში შესაძლებელია სერიოზული შედეგის დადება, მითუმეტეს, იმ მოცემულობაში, როცა ბოლო კვლევები ამბობს, რომ საკმაოდ მაღალი იქნება ამომრჩევლის აქტივობა.
„67% მიდის არჩევნებზე და აქედან 57%-ს ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული, თუ ვის მისცემს ხმას. ეს არის შესაძლებლობა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც ახალი ფორმით და შეთავაზებით გამოდის პოლიტიკურ ასპარეზზე. ბლოკი, რომელიც ჩვენ საპარლამენტო არჩევნებისთვის გვქონდა წარმოდგენილი, ვამბობდით, რომ ორ მთავარ რამეზე უნდა იყოს აშენებული. ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია და საგარეო ვექტორი. ამ ორმა მომენტმა და კიდევ იმან, რომ რიგი პარტიები არჩევნებზე მარტო გადიან, განაპირობა ის არჩევანი, რაც გავაკეთეთ”, -განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
როგორც ცნობილია, ერთთვიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ, გასული კვირის ბოლოს „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო”, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ და პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ერთ ბლოკად გაერთიანდნენ.
ახალი პოლიტიკური ბლოკის – „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პრეზენტაცია უკვე გაიმართა.
როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, ეკონომიკის განვითარების საერთო ხედვა, საგარეო კურსი, პროდასავლური არჩევანი, ინოვაციური იდეები და საერთო გეგმები არის ის, რაც მათ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები