კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, კახა კახიშვილი ბუდაპეშტს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სანდორ პინტერის მიწვევით სტუმრობს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ფანიაშვილი შედიან.
ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს სანდორ პინტერს, ასევე, უნგრეთის ციხისა და პრობაციის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდება.
სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ უნგრეთში ვიზიტის მიზანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, მათ შორის პენიტენციისა და პრობაციის სფეროებში მიმდინარე და გატარებული რეფორმების, ასევე, დანერგილი სიახლეების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავებაა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და დელეგაციის წევრები ბუდაპეშტისა და პალჰალმას ციხეებსაც დაათვალიერებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები