შაორის ტბის მიმდებარედ, სასტუმრო–კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო–კომპლექსის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტის- „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სასტუმროს მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას, მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას, რაც საბოლოოდ ტურიზმის სფეროსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.
პრემიერ–მინისტრს ბიზნესმენმა მამუკა ჯმუხაძემ უმასპინძლა.
მისი ინფორმაციით, მშენებლობას კომპანია ,,ჯეოტექინვესტი” ახორციელებს.
სასტუმრო „შაორი“ ფუნქციონირებას 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებს.
“აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში არსებობს კომპონენტი, რომელიც არის ადგილობრივი სასტუმროს ქსელების განვითარებისთვის განსაზღვრული და სწორედ ამ კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია “უმასპინძლე საქართველოში” შაორის ტბაზე შენდება ახალი სასტუმრო. საერთოდ, შაორს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ამ ტურისტული ზონის განვითარებას. შესაძლოა, საპარტნიორო ფონდის მხრიდანაც იყოს თანადაფინანსებული არაერთი სასტუმრო. თვითონ ეს სასტუმრო არის პირველი მერცხალი ამ ტურისტული ზონის განვითარებაში. დაახლოებით მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება და ეს არის 20 ნომრიანი სასტუმრო, ძალიან ლამაზი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული. თვითონ ეს ბიზნესმენი კიდევ გეგმავს აქ მეორე სასტუმროს აშენებას. სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება განსაკუთრებული ყურადღება და ალბათ, უნდა მოხდეს გენერალური დაგეგმარება, რომ სტიქიური განვითარება არ მოხდეს. აუცილებელი იქნება სახწელმწიფო რესურსით დახმარება, რომ რაჭამ, ამ ულამაზესმა კუთხემ ის პოტენციალი, რომელიც აქვს, სრულად გამოიყენოს. ადგილობრივი მეწარმეების მცირე ოჯახური სასტუმროების შემოსავალი უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რაჭა იცლება. თუ ჩვენ ასეთი მიზანმიმართული პროგრამები არ განვახორციელეთ ძალიან რთული იქნება მოსახლეობის დაკავება. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი კომპონენტი–„უმასპინძლე საქართველოში“ რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები