გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ მაია კოპალეიშვილმა, ქეთევან ერემაძემ და კონსტანტინე ვარძელაშვილმა საზოგადოებას უნდა გასცენ პასუხები, თუ რატომ აპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული კანონის გაუქმებას.
გია ვოლსკის თქმით, მოსამართლეებმა საკუთარ განცხადებაში ყურადღება ე.წ. კაბელების საქმეზე მიზანმიმართულად გაამახვილეს, რეალურად კი, მისი თქმით, მას მოსამართლეებთან კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით აქვს.
“ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით მე კონკრეტული არაფერი მითქვამს. რაზეც მე ვსაუბრობ, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება ამ სამი მოსამართლის მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღების მცდელობას, რომელიც აუქმებს საარჩევნო კოდექსს და, შესაბამისად, ქმნის პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. მე კი არ უნდა მიპასუხონ მათ, არამედ საზოგადოებას უნდა აუხსნან, თუ რამ განაპირობა მათი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგიაში უნდა განეხილა საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხი და სააკაშვილის მიერ დანიშნულ ორ ადამიანს მიეღო გადაწყვეტილება.
მათ უნდა გასცენ საზოგადოებას პასუხი, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი, სრულიად უსაფუძვლოდ გააუქმებდნენ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. კანონს, რომელიც უმრავლესობით არის მიღებული. ეს კანონი შესაბამისობაშია არა მარტო ვენეციის კომისიის შეხედულებებთან, არამედ – თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებასთან, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები უნდა გაფართოებულიყო. ამ კანონის გაუქმება უნდოდათ მათ და გასცენ საზოგადოებას პასუხი, რა მოხდებოდა და რითი ხელმძღვანელობდნენ ისინი, როდესაც სურდათ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პოლიტიკურ კრიზისს შექმნიდა.
ასევე, მათ უნდა გასცენ საზოგადოებას პასუხი იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი მათი არჩეული პარლამენტის წევრი ამ საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს, რატომ აქვს ეს აკრძალული. რის საფუძველზე მიკრძალავენ, შეფასება მივცე ამ საკითხს. მე ჩემი მოსაზრება გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით რაც ელოდებოდა ქვეყანას. მე პასუხისმგებელი ვარ საზოგადოების წინაშე და ვალდებული ვარ, რომ შევაფასო ის, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ ეს „კაბელების საქმე“ წამოსწიეს წინ, თითქოს “თავისუფალ დემოკრატებთან” პოლიტიკურ პოლემიკაში გადავედი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები