გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ

ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა თელავში სიტყვით გამოსვლისას მოსახლეობას მთავრობის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს – ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთდროულად ყველა პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, თუმცა დღეს სათქმელი და საამაყო ნამდვილად გვაქვს:
ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ – არ მეგულება არც ერთი ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არა გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო მკურნალობისთვის საჭირო ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა სტიქიით გამოწვეული ზარალი; აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისათვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში.
ვაზი და ვენახი წმინდაა ქართველი კაცისთვის, და ჩვენ განსაკუთრებულად ვზრუნავთ სწორედ მევენახეობაზე. ეს არის ჩვენი ფესვები, ჩვენი სამშობლოს სიძლიერე, ჩვენი სამშობლოს სიმბოლო და ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ, გავაგრძელოთ და შვილებს გადავცეთ მამა-პაპათა ტრადიციები.
ჩვენ იმაზეც ვზრუნავთ, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის წარმოებაც შეეძლოს და შემოსავალიც შესაბამისი ჰქონდეს.
ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც. და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობას ადამიანებზე. 2012 წელს თქვენ „ქართული ოცნების“ გვერდით იდექით და ჩვენ ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს.

კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარულით, დიდი სიამაყით მოგმართოთ. მეც ამ მხარის შვილი ვარ. მეამაყება, რომ ვარ კახელი, რომ ვარ წელში მოუდრეკელი ხალხის წარმომადგენელი. უდიდესი პატივი მხვდა წილად- ვარ საქართველოს პრემიერ -მინისტრი.

მე ვიქნები მთელი საქართველოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახელების ინტერესების დამცველი, კიდევ ერთი უმანდატო მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. უკვე მთავრობიდან მთელი საქართველოს, მაგრამ თქვენი ინტერესების გამომხატველი. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ნათელ მომავალს, გაფერადებულ, აგუგუნებულ საქართველოს.დავდგეთ ერთ მუშტად შეკრულნი და ვუზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო გაძლიერდება და ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები