“ჩვენ ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც სურვილი ჰქონდა ბიზნესი ეწარმოებინა”
ჩვენ ყველა პირობა შევქმენით იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც სურვილი ჰქონდა ბიზნესი ეწარმოებინა, არ შეშინებოდა, რომ ვინმე წილში ჩაუჯდება, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კლააძემ თელავში ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ”ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ჯანდაცვის, განათლების სოფლის მეურნეობის რეფორმები. ”ჩვენ მას მერე, რაც დავამარცხეთ ერთობლივი ძალისხმევით ძალადობრივი რეჟიმი, გვქონდა ორი არჩევანი – უახლესი ისტორიის მაგალითების მსგავსად რევანშზე და დასჯაზე უნდა გვეფიქრა პირველ რიგში, ან უპირველეს ყოვლისა ჩიხში შეყვანილი ქვეყნის განვითარებაზე და ნორმალურ გზაზე დაყენებაზე გვეზრუნა! ჩვენ ავირჩიეთ ბევრად უფრო რთული, არაპოპულისტური გზა და მისხალ- მისხალ, ჩუმად და რუდუნებით დავიწყეთ ჩვენი სამომავლო კეთიდღეობისთვის საძირკვლის ჩაყრა. დავიწყეთ ჯანდაცვის, განათლების სოფლის მეურნეობის რეფორმები, დავიწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. შევქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც სურვილი ჰქონდა ბიზნესი ეწარმოებინა, არ შეშინებოდა, რომ ვინმე წილში ჩაუჯდება ან ვინმე ფულს ჩაატანინებს, ან სახელმწიფოზე შუაღამით გადააფორმებინებს ნაშრომს და ნაჯაფს”, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. „ხალხმა ირწმუნა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები დაიწყო. ხალხმა ირწმუნა, რომ თავისუფალი გახდა! ხალხმა დაინახა, რომ შიში წარსულში დარჩა და ხალისი მიეცა შრომასაც, დასვენებასაც, ქებასაც და კრიტიკასაც”, – აღნიშნა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა კახეთის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა. ”კახელი გლეხის გარჯა, ღვინის სახლები და საოჯახო სასტუმროები, კახური სუფრის პოპულარიზაცია, ტურისტული ზონები – მარტო ახტალა რა საერთაშორისო მნიშვნელობის განძი გაქვთ! ეს ყველაფერი თქვენია, ეს ყველაფერი თქვენი პროგრესის საფუძველია, ეს იძლევა ალაზნის ველივით უკიდეგანო შეაძლებლობებს დოვლათის, კეთიდღეობის შესაქმნელად, თითოეული კახური ოჯახისთვის და საქართველოსთვის მთლიანობაში”, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო წარსულში არ დაბრუნდება. ”ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში. ჩვენი დამოუკიდებლობა ტკივილით დაიწყო და განუკითხაობით გაგრძელდა, ჩვენი დემოკრატია ფასადური იყო და კლანური მმართველობით და ძალადობრივი რეჟიმით იჩაგრებოდა! ჩვენი მომავალი იყო ბუნდოვანი, ჩვენი განვითარება კი შეფერხებული! იმიტომ რომ საქართველოში კანონი არ კანონობდა! იმიტომ რომ საქართველოში ქვეყნის განვითრების გეგმა და მთავარი— ხელისუფლების კეთილი ნება არ არსებობდა! არ არსებობდა პასუხისგებლობა ხალხის წინაშე! არ არსებობდა თვისუფალი საზოგადოება”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არჩვნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. ”ჩვენ, “ქართულმა ოცნებამ” მივიღეთ ეს პატივი და ვალდებულება ხალხისგან 2012 წელს! და ამ ნდობის მანდატით ხელში დავიწყეთ ბევრი კარგი საქმე, ბევრი კარგი რეფორმა! ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ხალხთან ერთად, თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ დიდ საქმეს და ამ შემოდგომაზე კვლავ მხარდამხარ, ერთმანეთის გვერდში დგომით მოვიპოვებთ კიდევ ერთ გამარჯვებას და ეს ჩვენი გამარჯვება იქნება კანონიერების, პროგრესის საბოლოოო გამარჯვება ყველაფერ იმ ცუდზე, რაც ერთხელ და სამუდამოდ დავტოვეთ წარსულში! ერთად ავაშენოთ საქართველო! ერთად შევქმნათ ჩვენი კეთილდღობა! ერთად ავხიდონოთ ოცნებები და ვაქციოთ რეალობად”, – განაცხადა კახა კალაძემ.