პრემიერი: დღეს ჩვენი ხალხი თავისუფალია, ყველას შეუძლია მოსთხოვოს მთავრობას კიდევ უფრო მეტი

ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
“კახეთის სიძლიერე მთელი საქართველოს სიძლიერეა და როცა კახეთი მყარად დგას ფეხზე, საქართველოც ყოველთვის წელში გამართულია. გავიხსენებ 2012 წელს, როცა კახეთში ქუდზე კაცი გამოვიდა და მხარი დაუჭირა ,,ქართულ ოცნებას“. და მაშინ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ჩვენ, ყველამ ერთად, მოვიგეთ ბრძოლა და ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის! ამ 4 წელიწადში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. ყველამ იცით, რა დაგვხვდა ხელისუფლებაში რომ მოვედით – დაშინებული საზოგადოება, ხელისუფლებისგან მიტოვებული, უექიმოდ და უწამლოდ დარჩენილი ადამიანები, მძიმე მდგომარეობაში მყოფი გლეხი და აღარ გავაგრძელებ იმ უბედურებების ჩამოთვლას, რომლებიც ყველამ ერთად გამოვიარეთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, დღეს ყველას შეუძლია მთავრობას კიდევ უფრო მეტი მოსთხოვოს. ”დღეს ჩვენი ხალხი თავისუფალია, ყველას შეუძლია მოსთხოვოს მთავრობას კიდევ უფრო მეტი, დღეს აღარ არსებობს ხელისუფლების ძალმომრეობის შიში. ეს სულ ახლახან ხდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ დავძლიეთ მძიმე წარსული და ვფიქრობთ მომავალზე, ქვეყნის შენებაზე. ჩვენ ხალხს მივეცით ყველაზე მთავარი, რაც სახელმწიფოსგან სჭირდება ადამიანს – ღირსეული მოპყრობა, დაფასება, ზრუნვა. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად ყველა პრობლემა არ გვარდება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კახეთისთვის სტიქიის დროს გაწეული დახმარებაც გაიხსენა.
”თუმცა დღეს სათქმელი და საამაყო ნადვილად გვაქვს: ჩვენ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინეთ – არ მეგულება ოჯახი, რომელმაც თავის თავზე არ გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც მკურნალობა გჭირდება და იმაზე არა გაქვს საფიქრალი, საიდან მოიტანო ეს ფული; არ მახსენდება ხალხის სხვა ისეთი გვერდში დგომა, როგორიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაუწია კახელებს სტიქიის დროს და მთლიანად აუნაზღაურა ზარალი; აღარაფერს ვიტყვი დამუშავებულ მიწებზე და გლეხობისათვის გაწეულ სხვა დახმარებაზე, რთველზე და მილიონობით შემოსავალზე, რომელიც კახეთმა მიიღო ბოლო სამი წლის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები