დანი როდრიკი: მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს

ეკონომიკის სამინისტროს მოწვევით თბილისში მყოფი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები – დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმსში“ გაიხსნა.
ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის პარტნიორობის გაღრმავებას. როგორც ფორუმზე აღინიშნა, საქართველოს პრემიერ მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების ინიციატორი, გახსნილია მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებთან მსჯელობებისთვის და განიხილავს სხვადასხვა მოდელებს ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, დანი როდრიკის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყანას დადებით შედეგებს მოუტანს.
„სამწუხაროა, რომ ჩემი საქართველოში სტუმრობა ასე ხანმოკლეა. მხოლოდ 2 დღეა რაც ჩამოვედი. თუმცა, ძალიან შედეგიანი შეხვედრები გვქონდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ მინისტრსა და ეკონომიკის მინისტრთან, ისე ბიზნესის ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ჩვენ განვიხილავდით ისეთ საკითხებს, სადაც საქართველოს მთავრობას უკვე არაერთი ნაბიჯი აქვს გადადგმული იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ტრანსფორმაციის პროცესს“ – განაცხადა დანი როდრიკმა.
მისივე თქმით, საქართველო, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, დგას გამოწვევის წინაშე, თუ როგორ მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, როგორ ჩართოს მოსახლეობა უფრო მეტად პროდუქტიულ საქმიანობაში, როგორც მრეწველობისა და წარმოების კუთხით, ისე თანამედროვე, არატრადიციულ სოფლის მეურნეობაში. „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მთავრობის მონდომებამ და ძალისხმევამ. დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები დადებით შედეგებს მოუტანს ქვეყანას“ – აღნიშნა როდრიკმა.
„შეხვედრები იყო ძალიან შედეგიანი. მოხდა ინფორმაციისა და აზრების გაცვლა კერძო სექტორთან ერთად, გაჟღერდა ბევრი საინტერესო და ახალი იდეა, რომლებიც, ვთლით, რომ დაედება საფუძვლად მთავრობის ახალ ხედვებს, ახალ რეფორმებს. საქართველოში მოწვეული ეკონომისტების მთავარი რეკომენდაციები არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, რომელზეც უნდა დაშენდეს სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებები. ამ მხრივ გაზიარებული იქნა საერთაშორისო გამოცდილება სხვადასხვა სექტორების მიხედვით“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
ფორუმის ფარგლებში დანი როდრიკმა და ჩარლზ სეიბელმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ მინისტრთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამრეწველო პალატებთან. ცნობილმა ეკონომისტებმა საქართველოს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ეკონომიკური პოლიტიკისა და განვითარების საკითხებზე.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მზადყოფნას გამოთქვამს უცხოელ, გამოჩენილ ეკონომისტებთან, ჩვენი ქვეყნის მწარმოებლებთან, მსხვი, მცირე და საშუალო ბიზნესთან, ბიზნესასოციაციებთან, ექსპერტებთან ერთად იმსჯელოს ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ მოდელებზე იმისთვის, რომ შემდგომ პერიოდში ქვეყანამ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს“ – აღნიშნა საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის წარმომადგენელმა ლევან კვერნაძემ.
დანი როდრიკი და ჩარლზ სეიბელის მიერ დღეს გამართულ შეხვედრებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ გაგუა, ასევე სამინისტროსთან არსებული ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ კაჩუხაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები