სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობასთან დღეს გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, ამავე უწყების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტებას აკეთებს.
კერძოდ, აქციაზე, თბილისში, მუხაძის ქუჩის მაცხოვრებლები ითხოვდნენ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო ქონების დაკანონებას და შესაბამისი კომუნიკაციებით უზრუნველყოფას.
ხსენებულ მისამართზე მცხოვრები პირები არ ფლობენ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რის გამოც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს აქციის წევრების მოთხოვნები.
„არსებულ საკითხთან დაკავშირებით აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს თანამშრომლებს შორის დანიშნული იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრების არგამოცხადების გამო ჩაიშალა.
წლების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მთელი რიგი უძრავი ქონება კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დაკავებული აქვთ სხვადასხვა ფიზიკურ პირებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სტრუქტურებთან შესაბამისი ინფორმაციის მოძიებისა და სისტემურად დამუშავების კუთხით. გვინდა, მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, არ მოახდინონ ასეთი საკითხებით სპეკულირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“,- ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები