ლადო ბოჟაძე: მიხეილ სააკაშვილი უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ამ მხრივ, ერთადერთი სასჯელი არის ის, რომ მას გამოეწეროს 2000-ლარიანი ჯარიმა. სხვა მხრივ, არანაირი შეზღუდვა კანონმდებლობით არ არსებობს.
ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ნებისმიერ დროს გააკეთოს განცხადებები და ნებისმიერ დროს დაჯარიმდეს 2000 ათასი ლარით.
„მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რანგში გაფრინდა საქართველოდან და უკან აღარ დაბრუნებულა. ადამიანი, რომელმაც 2015 წლის 30 მაისს, სრულად შეგნებულად დათმო საქართველოს მოქალაქეობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და ამით კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი საკუთარი დამოკიდებულება, ახლა კიდევ ერთხელ ადასტურებს უპატივცემულობას ჩვენი ქვეყნისადმი, რადგან კარგად იცის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ორგანიზაციებს აკრძალული აქვთ საარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. მისი ჩართულობა „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრებზე კიდევ ცალკე პროცესია და შესაძლოა, ადამიანმა ამაზე თვალი დახუჭოს, რადგან კანონმდებლობა ამას არ არეგულირებს“,- განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ანუ 8 ივნისის შემდგომ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს კანონით აკრძალული აქვს ნებისმიერი განცხადების გაკეთება, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც აგიტაცია რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ, ან საწინააღმდეგოდ.