მანანა კობახიძე მოსამართლეზე: ეს ქალბატონი ვერ იქნება მიუკერძოებელი იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც ეხება „რუსთავი 2“-ს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე „რუსთავი 2“-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაია კოპალეიშვილისა და ნიკა გვარამიას შორის ნათესაურ კავშირს საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს და ამბობს, რომ აღნიშნული მოსამართლე ვერ იქნება მიუკერძოებელი იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც „რუსთავი 2“ -ს ეხება.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას დეპუტატი აღნიშნავს, მაია კოპალეიშვილი წლების განმავლობაში ნიკა გვარამიას თანამდებობებზე ყოფნის დროს მისი მოადგილე იყო, ამიტომაც შესაძლოა, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი მას „რუსთავი 2“-ის საქმის დადებითად გადაწყვეტაში ვალდებულსაც კი ხდიდეს.
„ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, საკმარისი საფუძველია ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, ვივარაუდო და ვიფიქრო, რომ ეს ქალბატონი ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც ეხება „რუსთავი 2“-ს .
ნუ ესეც რომ არ იყოს, იგი გვარამიას მოადგილე ორჯერ იყო. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს მას გვარამიასთან. პრაქტიკულად მოადგილის დანიშვნა ხდება უშუალოდ მინისტრის მხრიდან, სწორედ იმის მიხედვით, რომ ნდობის მაღალი ხარისხია ერთმანეთთან ურთიერთობაში, აქვთ ახლო ურთიერთობა ადამიანური და, რა თქმა უნდა, საქმიდან გამომდინარე. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ დაქვემდებარებული იყო ადამიანისადმი თანამდებობრივად. შეიძლება ვალდებულსაც შეიძლება ხდიდეს ამ მოსამართლეს ყოფილი მინისტრი.
მიგვაჩნია, რომ ნამდვილად უკანონო იყო ქალბატონის ჩართულობა ამ კოლეგიაში და მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში, ანუ მიუკერძოებლობის კუთხით ბადებდა ეჭვს. ახლა კიდევ, ამ ყველაფერს ემატება ის, რომ მათ ჰქონიათ უთიერთობა, როგორც ნათლიებს და ესეც მეტყველებს იმაზე, რომ მას საქმისადმი შეიძლება გარკვეული ინტერესები ჰქონდეს“,-განაცხადა კობახიძემ.
მანანა კობახიძემ მოსამართლის მიუკერძოებლობაში კითხვის ნიშნის გაჩენა უარყოფითად შეაფასა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი შეფასებას საზოგადოების მხრიდანაც საჭიროებს. „როდესაც ესეთი დონის სასამართლოზე, რომელსაც ევალება კონსტიტუციის დაცვა, ადამიანის უფლებების გარანტად ყოფნა და მოსამართლის,მიუკერძოებლობაში ჩნდება კითხვის ნიშანი, ეს ზოგადად ძალიან ცუდი ფაქტია. ვფიქრობ, რომ საზოგადოების მხრიდანაც საჭიროებს ასე ვთქვათ შეფასებას“,-აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები