„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას განახორციელებს
ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლს არ განახორციელებს, თუმცა საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ჩატარებას აპირებს.
როგორც „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა, ორგანიზაციას აქვს არჩევნების დაკვირვების გამოცდილება 2012-2014 წლებში და შემოდგომის არჩევნებში ორივე – გრძელვადიანი და მოკლევადიანი მეთოდოლოგიით აპირებს დაკვირვების განხორციელებას.
„ვგეგმავთ, რომ 500-მდე დამკვირვებლის მეშვეობით უშუალოდ კენჭისყრას დავაკვირდეთ. დამკვირვებლები, ძირითადად, იქნებიან სტუდენტები, მოხალისეები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ დაკვირვების პროცესში. სავარაუდოდ, ეგზიტპოლებს არ განვახორციელებთ. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება დონორებთან და ალბათ, განვახორციელებთ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას, რაც გულისხმობს, რომ როცა ჩვენი დამკვირვებლები მოიპოვებენ არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს საარჩევნო უბნებზე, დაუყოვნებლივ მოგვაწვდიან მონაცემებს და ჩვენ განვახორციელებთ არჩევნების შედეგების პარალელურ დათვლას“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.