დავით მირცხულავა „ხუდონჰესზე“ – ნებისმიერი დიდი პროექტის განხორციელებას მოთმინება სჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფექტური იყოს

„ნებისმიერი დიდი პროექტის, როგორიც არის „ხუდონი”, „ნენსკრა” და „ნამახვანი” – განხორციელების დაწყებას მეტი მოთმინება სჭირდება, რომ გადაწყვეტილება ეფექტური იყოს“, – ამის შესახებ კომპანია „ტრანსელექტრიკის“ ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დავით მირცხულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მართალია მემორანდუმის შედეგების შესრულებას დიდი ხანია ელოდებიან, თუმცა „ხუდონი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული პროექტია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას დიდი დრო სჭირდება და საზოგადოება ყველაფერს გაგებით უნდა მოეკიდოს. რაც შეეხება მთავარ ენერგეტიკულ გამოწვევებს, მირცხულავა მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკა მთელ ქვეყანაზე უნდა აისახოს და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროექტზე.
„რაც შეეხება ტარიფების პოლიტიკას, ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს შეეხება ყველა ახლად დადებულ მემორანდუმს. ზოგადად, ქვეყნისთვის აუცილებელია ენერგოუსაფრთხოების კუთხით დანახული ენერგოპოლიტიკა, ვინაიდან ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ, აუცილებლად უნდა დავუთმოთ დრო ენერგეტიკულ დიპლომატიასაც. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ამ ასპექტში საჭიროა უნიფიცირებული მიდგომა ყველა ახალი ობიექტისადმი“, – განაცხადა მირცხულავამ.
მირცხულავა აცხადებს, რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს მეთოდიკა, რომლითაც შეფასებული იქნება პროექტების ენერგეტიკული ღირებულება. რაც შეეხება ”ხუდონსჰესის” პროექტს, დავით მირცხულავა განმარტავს, რომ როცა ამ პროექტზეა საუბარი, იქ განიხილავენ მხოლოდ გამომუშავებას, მაგრამ ეს იქნება მარეგულირებელი სადგური, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიარდ კილოვატს უმატებს ”ენგურჰესს”. მირცხულავა მიიჩნევს, რომ მისი ჯამური ეფექტი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ერთჯერადად ცალკე აღებული პროექტის განხილვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები