ირაკლი შიხიაშვილი აუდიტს ვეტერანთა სამსახურში მისი მუშაობის პერიოდის ბიუჯეტის ხარჯვის შემოწმებას სთხოვს

ვეტერანთა სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის შემოწმების აუცილებლობა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა და ვეტერანთა სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა ჯერ კიდევ აპრილში გააჟღერა. იგივე საკითხს დღესაც აყენებს და, რამდენიმე დღეში, აღნიშნული მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართავს. „ვაპირებ, წერილობით მივმართო პარლამენტს, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომ აუდიტის სამსახურს დაევალოს, უახლოეს მომავალში შევიდნენ და შეამოწმონ ვეტერანთა სამსახურში, ჩემი მუშაობის პერიოდში, როგორ მიმდინარეობდა ბიუჯეტის ხარჯვის პროცესი“, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯებოდა. როგორც შიხიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ბრალდებები იმ სერიალის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, შიხიაშვილი თითქოს ამერიკაში თავშესაფრის მისაღებად იყო წასული. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ვეტერანების ბიუჯეტზეც აკეთებს განმარტებებს და ამბობს, რომ სწორედ მისი მუშაობის პერიოდში ბიუჯეტი 5-ჯერ გაიზარდა: „როცა ააგორეს ჭორები, თითქოს ამერიკაში თავშესაფრის მოთხოვნისთვის ჩავედი, მეორე დღესვე ჩამოვფრინდი. აღმოჩნდა, რომ ეს მტკნარი სიცრუეა.
აღნიშნული განცხადების მიზანი სწორედ ის იყო, მოსახლეობა დაერწმუნებინათ, თითქოს ვეტერანების სამსახურის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯებოდა. იმათ გასაგონად, ვინც მსგავს განცხადებებს ავრცელებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს, თუ როგორ უნდა დახარჯოს საბიუჯეტო თანხები. როცა ვეტერანთა სამსახურის დირექტორად დავინიშნე, ბიუჯეტი მილიონნახევარს შეადგენდა. როცა წამოვედი, 5-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი დავტოვე. ბიუჯეტი კი თავისით არ იზრდება“. მისივე განცხადებით, ვეტერანთა სამსახურის საქმიანობაზე თავდასხმა “ნაცმოძრაობასთან” დაახლოებული პირების მხრიდან ხდებოდა. ირაკლი შიხიაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტს ზეპირი განცხადებით უკვე მიმართა და სთხოვა, აუდიტის სამსახური ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურში შესულიყო და აპირებს, საკანონმდებლო ორგანოში ახლა უკვე ოფიციალური განცხადება შეიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები