მინდია ჯანელიძე: წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების საკითხზე პირველ კომენტარს აკეთებს. 
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წითელაშვილთან დაკავშირებით საქმე ეხებოდა არა დანაშაულს, არამედ გადაცდომას, რაზეც შესაბამისმა პირმა პასუხი აგო.
მისივე განმარტებით, ტრისტან წითელაშვილი არცერთ საიდუმლო ბაზაზე არ ყოფილა.
”ეს ჰგავს უფრო პოლიტიკურ სპეკულაციას, ვიდრე საქმეზე ლაპარაკს, ამიტომ ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ წითელაშვილი არ ყოფილა არცერთ საიდუმლო ბაზაზე. რაც შეეხება ჩემს მიმართ მეორე ბრალდებას, რომ თითქოს ვინმე დაუსჯელი დარჩა. ეს ასე არ იყო, ჩემი მინისტრობის პერიოდში ვინც რაიმე დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად, არის დასჯილი. საქმე ეხებოდა არა დანაშაულს, არამედ გადაცდომას და ამ გადაცდომაზე აგო პასუხი იმ პირმა, ვინც ის ჩაიდინა”, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე განმარტებით, საქმე ეხება სარეჟიმო წესის დარღვევას.
”პროკურატურას საქმე გადაეცემა მაშინ, როცა საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა მხოლოდ სარეჟიმო წესის დარღვევას, რაზეც შესაბამისად გენინსპექციამ მოახდინა რეაგირება”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ “რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მინდია ჯანელიძის თავდაცვის მინისტრობის დროს, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე შეიყვანა. ამ უკანასკნელმა საიდუმლო სამხედრო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო, სადაც საიდუმლო ობიექტები ფირზე გადაიღო.
გიგი კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები