“საიდუმლო ობიექტი”, რომელზეც გიგი კალანდაძე საუბრობს, სააკაშვილმა 2013 წელს გაასაჯაროვა? (ვიდეო)

თავდაცვის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის დაკავებული პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი სახელმწიფო საიდუმლო ობიექტებზე იმყოფებოდა, აღნიშნული ინფორმაცია კი რუსულ სპეცსამსახურებს მიაწოდა, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცესის უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, რომელიც საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას აღნიშნული ხერხით ცდილობს.

„კვირა“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს კონსტანტინე ფორჩხიძეს დაუკავშირდა, რომლის მტკიცებითაც, კალანდაძეს აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროში წინა ხელისუფლების დროინდელმა კადრებმა მიაწოდეს, რომლებსაც რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვთ.

saakaish vili slaiki„კვირას“ ინფორმაციით, სახელმწიფო საიდუმლო ობიექტი, რომელზეც გენერალი კალანდაძე საუბრობს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ვიდეოს საშუალებით გაასაჯაროვა. ვიდეო მასალაში იგი დეტალურად საუბრობს თბილისის გარშემო არსებული თავდაცვითი ბეტონის ნაგებობების შესახებ, რომელიც მისი მტკიცებით 2008 წლის ომის შემდეგ აშენდა, ახალმა ხელისუფლებამ კი მისი მშენებლობა შეაჩერა.

განსხვავებული ინფორმაცია აქვს საინჟინრო საქმის სპეციალისტს ჯანო გაგოშიძეს, რომელიც „კვირასთან“ საუბრისას ირწმუნება, რომ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საიდუმლო ობიექტად აღიარებული ტერიტორია, საიდუმლო ობიექტი არაა და იგი არა სააკაშვილის მთავრობის დროს, არამედ 35 წლის წინ კომუნისტური წყობის დროს აშენდა. გაგოშიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა იგი გარკვეული თანხის გასათეთრებლად გამოიყენა.
„თითქოს საიდუმლო ნაგებობა, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ვიდეოში საუბრობს, მას არ აუშენებია. ეს დიდი ხნის წინ აშენდა. ეს ნაგებობა არსებობდა, უბრალოდ ფულის მოხსნა უნდოდათ. სააკაშვილმა წაიტრაბახა რაღაც ავაშენეო, ალბათ ფული მოხსნა. ფული რაში გადაიხადეო რომ ეკითხათ, ეთქვა, აი ეს გავაკეთეო. ტერიტორიაზე შეიძლება წყალი გაიყვანა ან გარკვეული სამუშაოები ჩაატარა, ალბათ თხრილები ამოწმინდა უბრალოდ.

სახელმწიფო საიდუმლო ობიექტი არ ჰქვია მაგ ობიექტს, რადგან ეს ყველამ იცის. თბილისი ყოველთვის იყო დაცული, კომუნისტური წყობიდან მოყოლებული დღემდე. 2008 წლის შემდეგ თავდაცვითი ნაგებობები გაკეთდა, მაგრამ იქ არა, რომელზეც სააკაშვილი მიუთითებს. ის ადგილი საიდუმლო არ ყოფილა არასოდეს.

დასავლეთიდან – თბილისის მიმართულებით, რომ მოდიხართ, სანამ დედაქალაქში შემოხვალთ, მარცხნივ მთებზე ხელისგულივით ჩანს ყველაფერი. გზა არის გაყვანილი, სადაც ფალსიფიკაციური ნაგებობები დგას, თუმცა საიდუმლო მაინც არაა, ჩანს ხელისგულივით. თბილისის გარშემო არის რამდენიმე ადგილას საიდუმლო ობიექტები, თუმცა ამის თქმის უფლება მე არ მაქვს. ბორჯომის ტყე, რომ დაიწვა 2008 წლის ომის დროს, მიზეზი იცით ალბათ რა იყო. ბორჯომის ტყეში ჩვენი ტექნიკა იყო დამალული. ტანკები, რომელსაც შენიღბვა ჰქონდა გაკეთებული. ეს იცოდნენ რუსებმა, თუმცა კონკრეტული ადგილმდებარეობა არ იცოდნენ და სწორედ ამიტომ დაბომბეს ტყე. კომუნისტური პერიოდიდან მოყოლებული თბილისის გარშემო, სამი თავდაცვითი ზოლი არსებობს. დედაქალაქში სანამ მტერი შემოვა, ღმერთმა არ ქნას, ჯერ პირველი ზონა უნდა გადალახოს, შემდეგ მეორე- მესამე და ა.შ. თბილისს, რომ თავდაცვითი ობიექტები, აქვს ეს ყველამ იცის, მაგრამ სად და როგორ ეს სხვა საკითხია“,-განაცხადა გაგოშიძემ და გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის კვალიფიციურობა ეჭვქვეშ დააყენა.
მისი თქმით, გიორგი კალანდაძეს სამხედრო საკითხში არანაირი ცოდნა და გამოცდილება არ აქვს. „კალანდაძის ინტელექტუალური რესურსი მეეჭვება. მან მხოლოდ ინგლისური იცის, სამხედრო საკითხში მას არანაირი გამოცდილება და ცოდნა არ აქვს“, – აღნიშნა გაგოშიძემ „კვირასთან“ საუბრისას.

სახელმწიფო საიდუმლო ობიექტიდან სოლიდური თანხის „გათეთრების“ საკითხზე საუბრობს „კვირასთან“ პოლიტოლოგი მამუკა არეშიძეც. მისი თქმით, იმ ობიექტების აშენებისთვის, რომელიც სააკაშვილმა სახელმწიფო საიდუმლო ობიექტებად მონათლა, საკმაოდ სოლიდური თანხები დაიხარჯა. „იმ ობიექტების მშენებლობაში რაზეც სააკაშვილი საუბრობს, ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა და დიდი ფულიც გაკეთდა. რომ გითხრათ, რომ ამ ტიპის ობიექტები საერთოდ საჭირო არ არის, არ ვიქნები მართალი, ეს საჭიროა, მაგრამ დამხმარე ობიექტებია.

ის რასაც ახლა მთავრობა ფრანგებთან ერთად აკეთებს – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას, ეს არის მთავარი თავდაცვის სისტემაში 21-ე საუკუნეში და არა თხრილებისა და სანგრების მშენებლობა, რასაც ახორციელებდა იმდროინდელი თავდაცვის წარმომადგენლობა. რასაკვირველია ამაში დიდი ფული გაკეთდა.

რას ემსახურებოდა სააკაშვილის ეს გამოსვლა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ გაიგებ რატომ რას აკეთებს. არ ვიცი რას ემსახურებოდა მისი ეს ვიდეო მიმართვა იმ ადგილიდან სადაც საიდუმლო ობიექტებია. ხშირ შემთხევაში ისეთი არაადეკვატური საქციელები ახასიათებს მას, რომ ვერ ახსნი. ვერ გაუგებ რა უნდა.

ფაქტია, რომ ფორმალურად მან სახელმწიფო საიდუმლოება გასცა, თუმცა რეალურად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებმა, რომლებიც გარკვეულნი არიან ამ საკითხში, ზუსტად იციან ამ ნაგებობების არსებობის თაობაზე.

მინიშნებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ამ ობიექტების მშენებლობა დაიწყო, გახსოვთ სააკაშვილის ცნობილი გამონათქვამები, რომ 6 თვე შეუძლია შეაჩეროს თბილისისკენ მომავალი ჯარი. ის საუბრობს ფეოდალური ხანის კატეგორიაზე. თანამედროვე ომში ასეთი ტიპის ნაგებობები ვერავითარი 6 თვე ვერ შეაჩერებს ვერავის, მითუმეტეს, თუ მოწინააღმდეგე ავიაციას ფლობს და შენ არა.

ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ატყუებდა ხალხს“, – განაცხადა არეშიძემ და სახელმწიფო საიდუმლო ობიექტების ირგვლივ განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილა. იგი აღნიშნულ პროცესსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შორის პალალელს ავლებს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ გარკვეულ პიარ გეგმას ახორციელებს, რომელიც ძირითადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება.areshidze

არეშიძის განცხადებით, მათი მთავარი სურვილი არჩევნების ჩაშლაა, რომლისთვისაც ყველანაირ ხერხს იყენებენ.

„ამგვარი ხერხით ხელისუფლების დისკრედიტაცია მათი მთავარი გეგმის ნაწილია. თუ არ გამოვიდა არჩევნების ჩაშლა მაშინ არჩევნების პროცესში ქაოსისა და არსტაბილურობის სექმნას ეცდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ამგვარი ქმედება მიმართულია განსაკუთრებით დასავლეთისთვის, რომელიც არის მთავარი ადრესატი ამ გზავნილებისა არის დასავლეთი და საზოგადოება, რომელსაც მათი სჯერა. ამით სურთ, რომ დასავლეთს აჩვენონ როგორი პრორუსული და არაორგანიზებულია მთავრობა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლების დისკრედიტაცია უმაღლეს დონეზე ჰყავს აყვანილი“,-აღნიშნა არეშიძემ.

რაც შეეხება მთავარ საკითხს, არის თუ არა საიდუმლო ობიექტი ის ადგილი, სადაც გიორგი კალანდაძის თქმით, ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა და მიაწოდა თუ არა მან ფირზე აღბეჭდილი მასალები რუსულ სპეცსამსახურებს, არეშიძე დარწმუნებით ვერაფერს ამბობს, თუმცა ინტერესდება რატომ განაცხადა გენერალ კალანდაძემ აღნიშნულის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში.

სწორედ აღნიშნული პასუხგაუცემელი კითხვა აძლევს საფუძველს იფიქროს, რომ გიგი კალანდაძეც იგივე გეგმით მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. ამასთან, არეშიძე არ გამორიცხავს, რომ ეს კალანდაძის მხრიდან მიზანმიმართული სიცრუე იყოს.

„ჯერ ერთი აქამდე სად იყო გიგი კალანდაძე, მეორეც, რაღა მაინც და მაინც არჩევნების წინ დაიწყო ამაზე ლაპარაკი?!

როგორც მე ვიცი, ის საიდუმლო ობიექტი არ ყოფილა, ის რომელზეც გიგი კალანდაძე საუბრობს, სარეჟიმო ობიექტია. ლევან იზორიას განცხადებით, მოიძიეს მათ ეს მასალები და უბრალოდ სარეჟიმო ობიექტზე შინაგანაწესი დაირღვა. დღეს ის ვითარება არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ქონდეთ მორალური უფლება სამხედრო საქმეებზე ისაუბრონ. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს. მთავარია ფაქტი, რომ დაირღვა რეჟიმული ობიექტის შინაგანაწესი“, – აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
როგორც ის აცხადებს, კალანდაძეს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების გამო, დასაბუთებული არგუმენტი უნდა მოსთხოვონ, რადგან დღეს ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია.

„როდესაც გიგი კალანდაძე რაღაცას ამბობს, მას უნდა მოსთხოვონ დასაბუთებული არგუმენტები, რადგან დღეს ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია. ნებისმიერს შეუძლია რაც პირზე მოადგება თქვას და შენ თავი უნდა იმართლო. არ გაქვს საშუალება ადეკვატური პასუხი გასცე და კანონის მიხედვით აგებინო პასუხი ცილისწამებისთვის. ესეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი საკანონმდებლო ფორმაა“, – განმარტავს არეშიძე.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მის ამ განცხადებას პოლიტიკოსების, ექსპერტებისა თუ მაღალი თანამდებობის პირებისგან გარკვეული შინაარსის შეფასებები მოჰყვა. თავდაცვის ახალ მინისტრ ლევან იზორიას კი აღნიშნულ საკითხზე განმარტებების გაკეთება თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მოუწია.

მისი ინფორმაციით, საქმე ეხებოდა არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას, არამედ სარეჟიმო წესების დარღვევას. ამასთან, უწყებამ მთავარ პროკურატურას საქმეზე არსებული ყველა მასალა გადაუგზავნა, რაზეც საგამოძიებო ორგანომ მასალების შესწავლა უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები