აგვისტოში ქართულ-ამერიკული წვრთნები – Jackal Stone 2016 გაიმართება

ქართული და ამერიკული მხარეების მონაწილეობით, აგვისტოში წვრთნები – Jackal Stone 2016 გაიმართება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, Jackal Stone 2016-ის წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 700 სამხედრო და საჯარო პირი საქართველოდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
წვრთნები, სადაც მონაწილეები ერთმანეთს ტაქტიკურ და თეორიულ ცოდნას გაუზიარებენ, ხელს შეუწყობს მონაწილეების მომზადებას პარტნიორების შეიარაღებულ ძალებსა და უწყებათშორის ორგანიზაციებთან ერთად კონტრტერორისტული ოპერაციების განხორციელებისათვის. წვრთნებში გამოყენებული იქნება კონტრტერორისტული სცენარი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის შეთანხმებული მოქმედებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„მართალია, წვრთნები ისე დაიგეგმა, რომ ასახავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე რეალურ მოვლენებთან. წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიებისა და მანევრის შესახებ გაფრთხილებულები არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა ადგილებზე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. Jackal Stone არის ევროპაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის ერთობლივი სწავლებისა და წვრთნების პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომლის მიზანია კონტრტერორისტულ ოპერაციებში მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეთანხმებული სამხედრო მოქმედების ხარისხის ამაღლება“,- ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები