დემურ გიორხელიძე: გვექნება ეკონომიკა, რომელიც იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე 1,5-2 წლის წინათ იყო

„ჩვენ გვექნება პროცენტულად მიზერული ზრდა, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში გვექნება ეკონომიკა, რომელიც იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე 1,5-2 წლის წინათ იყო“, – განაცხადა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი შეფასებით, ქვეყანაში მიგრაცია და ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან მაღალია და მაჩვენებლები, რომლითაც ხელისუფლება ოპერირებს, ძალიან სუსტია.
„ლარის დევალვაციის გამო, მთლიანი შიდა პროდუქტი არ წარმოადგენს იმ მაჩვენებელს, როგორიც წელიწადნახევრის გამო გვქონდა. ჩვენ გვექნება მიზერული ზრდა პროცენტულად, მაგრამ აბსოლუტურ მაჩვენებლებში გვექნება ეკონომიკა, რომელიც იმაზე უფრო მცირეა, ვიდრე 1,5-2 წლის წინათ იყო,“- განაცხადა ანალიტიკოსმა.
აღნიშნულის მიუხედავად, დემურ გიორხელიძე ფიქრობს, რომ არსებული ვითარება პოლიტიკური თვალსაზრისით, საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედებს.
„ხისტად ვაკრიტიკებ მთავრობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მაგრამ წინა ხელისუფლებების მთავრობებთან შედარებით, სხვაობა „ცა და დედამიწაა“. კრიტიკა უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ რაღაც გზაზე შევდექით, რომელმაც უახლოესი წლების განმავლობაში საზოგადოების გაძლიერებისა და პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფების შედეგად, ცოტა სხვა შედეგი უნდა მოგცეს. ადამიანებს უკან დაბრუნება არ უნდათ. სამწუხაროდ, ეს საფრთხე გამოყენებული იქნა. ამან ცუდი სამსახური გაუწია ხელისუფლებას, მაგრამ პოლიტიკურად მომგებიანი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, არჩევნებში ამომრჩევლისთვის გადამწყვეტი იქნება სტაბილურობა, რადგან გვინდა თუ არა, დღეს საფრთხეები მოხსნილია. არავინ გრძნობს, რომ ღამე, ვინმე სახლში შეუვარდება და ბიზნესების გადასაფორმებლად ნოტარიუსში კინწისკვრით გააქანებენ. ეს დადებითი ძალიან მცირე მომენტში გახდა გადამწყვეტი“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების პოლიტიკური ძალა უსაშველოდ სუსტია და საპარლამენტო არჩევნები გამოაჩენს რამდენად სუსტია მათი გავლენა ქვეყანაში.
„ამ წინააღმდეგობის დაძლევას 4 წელი შევალიეთ და, გაცილებით დიდი შედეგების ნაცვლად, ძალიან მიზერული შედეგები მივიღეთ“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები