დემურ გიორხელიძე: რეფერენდუმი საჭირო არ არის, რადგან საფრთხე არ არსებობს

„ჩვენ ერთმანეთში ავურიეთ, რა არის დასავლური სახელმწიფოს პოზიცია და რა არის ცალკეული ადამიანების გადახრილი და დეფორმირებული ფსიქიკის ზეგავლენის შედეგები“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ, „კვირას“ პრესკლუბში ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
დემურ გიორხელიძე საჭიროდ არ მიიჩნევს რეფერენდუმის ჩატარებას იმ საკითხზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მისი თქმით, არსებობენ არათავისუფალი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც თითქოს დასავლეთზე ორიენტირებულები არიან და სურთ, თავიანთ ზედამხედველებს თავი მოაჩვენონ, თითქოს ცდილობენ, დაამკვიდრონ ე.წ. დასავლური ფასეულობები, რომლებსაც სინამდვილეში დასავლურ ფასეულობებთან არანაირი კავშირი არა აქვს.
„სამწუხაროდ, ხელისუფლება ამ ავანტიურას წამოეგო, რადგან კონსტიტუციაში რაიმე ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა არ დგას, რადგან საფრთხე არ არსებობს. არსებობენ ლიბერალური ჯგუფები, რომლებიც ამას აკეთებენ, მაგრამ სახელმწიფოებრივი ზეწოლა არ არსებობს. ჩვენ ერთმანეთში ავურიეთ, რა არის დასავლური სახელმწიფო პოზიცია და რა არის ცალკეული ადამიანების გადახრილი და დეფორმირებული ფსიქიკის ზეგავლენის შედეგები. ვფიქრობ, ორიენტირებულნი იმაზე უნდა ვიყოთ, რომ ასეთ სპეკულაციებს საქართველოში ნიადაგი გამოეცალოს.
ვგულისხმობ მოქალაქეებისთვის საქმიანობის არეალის შექმნას და ნელ-ნელა ცივილიზებულ სამართალზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოაყალიბებას“,-განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
მისივე თქმით, სიღარიბის ჭაობში, რომელშიც საქართველო ჩაეფლო, სპეკულაციების ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს.
„არ ვფიქრობ, რომ რეფერენდუმი საჭიროა. ჩვენ ჯერ კიდევ ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს“,-განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები