თამარ კორძაია: დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი რუსულ „ნარატივს“ არ შემოიტანს ქართულ პოლიტიკაში

“რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს არ დანიშნავს და ქართულ პოლიტიკაში რუსულ „ნარატივს“ არ შემოიტანს.
როგორც თამარ კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხზე „რესპუბლიკურ პარტიას“ ცალსახა პოზიცია აქვს.
„როდესაც პარლამენტში შემოვიდა, მაშინაც ვთქვით, რომ ეს საკითხი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ღირებულებითი ბრძოლაა ევროპასა და რუსეთს შორის.
პროცესმა დაადასტურა, რომ „რესპუბლიკელების“ პოზიცია იყო სწორი. დღევანდელი ვითარებაც ადასატურებს ამას და ვართ ისევ იმ პოზიციაში, რომ ქორწინების საკითხი ვიღაცისთვის წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატების ნაწილია, თორემ ამაზე საუბარი მოქალქეებს არ აინტერესებთ. მათი ინტერესი არის სხვა დაპირებები, როგორ იცხოვრებენ ისინი ქვეყანაში და როგორ აისახება ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ევროპული ღირებულებებით ხელმძღვანელობს და რუსულ „ნარატივს“ არ შემოიტანს ქართულ
პოლიტიკაში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პარლამენტარი ასევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ არჩვენების შედეგად უმრავლესობით პარლამენტში შესული „ქართული ოცნება“ ქორწინებასთან დაკავშირებულ ცვლილებას კონსტიტუციაში აუცილებლად დააფიქსირებს.
თამარ კორძაიას თქმით, უმრავლესობას 113 დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის შეცლის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„საკითხავია, რამდენად კარგია, რომ 113 დეპუტატი ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იყოს პარლამენტში. ეს იქნება სრული კატასტროფა. ამ ქვეყანას არ ვუსურვებ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვიდეს ასეთი უმრავლესობით პარლამენტში, რადგან ეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს არ უწყობს“,-განაცხადა თამარ კორძაიამ.
„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თემასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები