საია: სააკაშვილის განცხადება საშიში გზავნილის შემცველია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას პასუხობს, რომელიც ორგანიზაციის მიერ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შეტანილ განცხადებას ეხება.
როგორც მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვის მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის და მასზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მარგინალიზაციის მცდელობა.
”მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვაფასებთ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მანდატის არაპირდაპირი შეზღუდვისა და მისი გაჩუმებისაკენ მიმართულ მოქმედებად, რაც მიუღებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპით იმოქმედოს და სათანადო რეაგირება განახორციელოს ყველა კანონდარღვევის ფაქტზე, განურჩევლად იმისა თუ ვის მიერ არის ეს დარღვევა ჩადენილი”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გზავნილი საფრთხის შემცველია და საჯარო განცხადებების გაკეთებისას მეტი პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდებენ.
”კანონის უზენაესობის მიმართ ამგვარი მიდგომის წახალისება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან საშიში გზავნილის შემცველია მისი მხარდამჭერებისა და ზოგადად – საზოგადოების მისამართით. შესაბამისად, ყველას, განსაკუთრებით კი ყოფილ პრეზიდენტს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას,”- აღნიშულია განცხადებაში.
წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით, 1 აგვისტოს საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა. ორგანიზაციამ სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის შესწავლა და დამრღვევი პირის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა, რაც პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით ითვალისწინებს.
ორგანიზაცია სადავოს ხდის 31 ივლისს ქ. ბათუმში ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვის მეშვეობით ჩაერთვას წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში.
მიხელ სააკაშვილი ორგანიზაციის პოზიციას არ იზიარებს და საიას განცხადებით გამოეხმაურა.
”მიკვირს, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელსაც ნამდვილად დიდ პატივს ვცემ, აქვს იმდენი დრო და რესურსი, რომ საქართველოში არსებული სრულიად უკანონო ვითარების ფონზე, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილახება ადამიანების უფლებები, აშინებენ მოსამართლეებს და ხდება მოქალაქეების დატერორება, აანალიზოს ჩემი გამოსვლები და მიმართვები. ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია”, – აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები