“ქორწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, პარლამენტში უმრავლესობით დაბრუნების შემდეგ მივიღებთ”

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, ქორწინების საკითხთან დაკავშირებით “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.

ამის შესახებ კახა კალაძემ, ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

მინისტრის განცხადებით, “ქართული ოცნება” ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პარლამენტში, არჩევნების შემდეგ, უმრავლესობით დაბრუნდება.

“პარტია “ქართულმა ოცნებამ” თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა, ეს კანონი პარლამენტში უკვე შესულია და როდესაც პარლამენტში უმრავლესობით დავბრუნდებით, აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს ჩვენი ინიცირებული არ არის, მისი ინიცირება კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ მოახდინა, გაიარა ცესკოში და დღეს როგორც ვიცი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია. დაველოდოთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას”,- აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა. რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს – თანახმა ხართ თუ არა, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა?

კანონმდელობის მიხედვით, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტისთვის. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის თანხმობა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები