“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს”

პრემიერ-მინისტრმა ქვემო ქართლში კანდიდატების დასახელებისას ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა, სადაც დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის გზებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს და უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს, გაჩნდეს რეალური სამუშაო ადგილები და წარმოება განვითარდეს. ჩვენ ამის მაგალითები უკვე გვაქვს რუსთავში. არც ისე დიდი ხნის წინ რუსთავში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო – ,,პანექსი“- ეს 6-მილიონიანი პროექტი სახელმწიფოს ხელშეწყობით ადგილობრივმა კომპანიამ განახორციელა. საწარმოს პროდუქცია ინდუსტრიული შენობების მშენებლობაში გამოიყენება და საქართველოს გარდა უცხოეთშიც იყიდება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია იმპორტს მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს. რუსთავში უკვე მუშაობს ელექტრონული ნაკეთობების საწარმო, რომელიც აწარმოებს ისეთ ელექტრომოწყობილობას, როგორიცაა სატელევიზიო მიმღები, მოდემი, სმარტფონი, პლანშეტი, ნეტბუქი და ტელევიზორი, აგრეთვე უახლეს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს. დღეს დილით მთავრობის სხდომამ დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც საწარმო შედის პარტნიორობაში რუსთავის აზოტთან და მოხდება 50 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია რუსთავის აზოტის საწარმოში. ეს არის რუსთავში ხუთასამდე დამატებითი სამუშაო ადგილი. ეს კი თავისთავად არის ხუთას დამატებით ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი საქმე. თუნდაც ამ სამი საწარმოს მაგალითით სრულიად ნათელია, რომ ჩვენ რეალურად ვუწყობთ ხელს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მე მჯერა, რომ რუსთავში გამოშვებული პროდუქცია გახდება კონკურენტუნარიანი და თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ჩვენს ბაზარზე, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ეს მხოლოდ დასაწყისია და, დარწმუნებული ვარ, რუსთავი ისევ დაიბრუნებს თავის ტრადიციულ ფუნქციას“,-განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მთავრობის მიერ ამ დარგის ხელშეწყობის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია. „იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ არაერთი პროექტი წამოიწყო, რომლებმაც სოფელს, ხალხს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ჩვენ ხვნის პროცესში დავეხმარეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო მიწებს ვერ ამუშავებდა. დღეს პრაქტიკულად მიტოვებულ, ყამირად ქცეულ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს ხალხს, რომ გავაგრძელებთ ყველა პროგრამას – გავაგრძელებთ ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშემწყობ პროექტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, სანამ არ დავინახავთ, რომ ეს აისახა თითოეულ ადამიანზე, თითოეული ოჯახის ცხოვრებაზე, მის კეთილდღეობაზე“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ქვემო ქართლის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას, ქვეყნის ერთგულებისთვის, ძმობისთვის და თავდადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ თქვენს ნდობას გავამართლებთ და თქვენი გვერდში დგომით, ერთად გავიმარჯვებთ! „ქართული ოცნება“ კვლავ თქვენს სამსახურში იქნება!“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, დიდი გამარჯვებები სჭირდება. „მე დარწმუნებული ვარ თქვენი თანადგომით, ერის კონსოლიდაციით, ერთ მუშტად შეკვრით, ჩვენი ქვეყნის და სამშობლოს გამარჯვებისთვის, ყველა ჩვენთაგანი იღვაწებს და მაქსიმალურად დაიხარჯება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახს მოვუტანოთ კეთილდღეობა. მე დარწმუნებული ვარ „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს. ამით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო გაიმარჯვებს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები