გიორგი კვირიკაშვილი: თქვენი გვერდში დგომა დიდი ძალაა ჩვენთვის

„თქვენი გვერდში დგომა დიდი ძალაა ჩვენთვის; ეს გვმატებს რწმენას, რომ რასაც ვაკეთებთ თქვენთვის, ხალხისთვის, სწორად ვაკეთებთ“, – ამ სიტყვებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის 29-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პაატა მხეიძე, 30-ე ოლქში კი – გიორგი ბეგაძე. წალკასა და დმანისში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს კახა ოქრიაშვილი, ბოლნისში გოგა მეშველიანია, გარდაბანში სავალან მირზოევი, თეთრიწყაროში გოდერძი ჩანქსელიანი, მარნეულის 35-ე ოლქში რუსლან გაჯიევი, ხოლო მარნეულის 36-ე ოლქში თამაზ ნავერიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქალაქ რუსთავის საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ რუსთავი დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას, თავის როლს და ეს იქნება უკვე თანამედროვეობას მორგებული ქალაქი დიდი თუ მცირე საწარმოებით; კიდევ უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც წვლილს შეიტანს მთელი ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში. „როდესაც ქვეყანას ასეთი რესურსი და პოტენციალი აქვს, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ. უკეთესი ცხოვრებისკენ გზა ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე გადის. ამიტომაც ჩვენ შემუშავებული გვაქვს ახალი ინიციატივები და გეგმები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის ეკონომიკის ამუშვებისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, სრულად გამოიყენოს ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შექმნას, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა მოსახლეობის ოჯახებში მალე შევიდეს.
„ჩვენ საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ვქმნით! სწორედ ამიტომ დავიწყეთ მსხვილბიუჯეტიანი სხვადასხვა სამეწარმეო პროექტი, რადგან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში, საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა და დამკვიდრება. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი ხალხის ცნობიერებაში მოხდება გარდატეხა და დავინახავთ, დავრწმუნდებით, რომ მეწარმეობა საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და კეთილდღეობის მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზაა, შედეგებსაც მალე ვნახავთ. სახელმწიფოს მხრიდან იმათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არა აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნეს-იდეები, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა. ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი, დაეხმარება მათ გამოავლინონ და ქვეყანას მოახმარონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები და ინოვაციური იდეები განახორციელონ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები