ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მოსაზრება, თითქოს, „2012 წელთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა და 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაბალია“.
ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამგვარი განცხადებები ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და ამით პოლიტიკური დივიდენდების მიღების მცდელობას. საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ნომინალურ დოლარში გამოხატული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება სხვა ქვეყნის, ან სხვა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან ეკონომიკურად არასწორია. ერთი აშშ დოლარის რეალური ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროს განსხვავებულია. აღნიშნულის გამო არსებობს საერთაშორისო დოლარის ცნება, რომელიც ეყრდნობა მსყიდველუნარიანობის პარიტეტს და შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა პერიოდის მშპ-ს შედარებას. მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტემპით ხასიათდება.
თუ 2012 წელს საერთაშორისო დოლარებში გამოხატული საქართველოს მშპ 30.7 მილიარდს შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი 35.6 მილიარდია, ანუ გაიზარდა დაახლოებით 16 პროცენტით. ასევე იზრდება საერთაშორისო დოლარებში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე. 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 8,002 საერთაშორისო დოლარი იყო, დღეს კი 9,630 საერთაშორისო დოლარს შეადგენს. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, საქართველო საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანათა რიცხვში.
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული სიღარიბე. კვლევის მიხედვით, საარსებო მინიმუმს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, რომელიც დღიურად 2.5 საერთაშორისო დოლარზე ნაკლებს ხარჯავს 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 490 ათასი ადამიანით შემცირდა. ამავე კვლევის მიხედვით სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირების საფუძველი ეკონომიკური აქტივობის ზრდა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ინკლუზიური წვდომა გახდა (და არა შემოსავლების გადანაწილება, მაგ პენსიები და სოციალური დახმარება). ძირითადად, დასაქმებამ და რეალური ხელფასის ზრდამ შეიტანა ძირითადი წვლილი სიღარიბის დონის შემცირებაში. 2004-2007 წლებში გლობალურად ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, ამიტომაც ზრდა მაღალი იყო საქართველოშიც. 2004-2007 წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო გარეშე ფაქტორებით, თუმცა საქართველოს ამ მხრივ რეგიონში საუკეთესო შედეგი არ ჰქონდა. მაგალითად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ჩამოვრჩებოდით სომხეთს, ბელორუსიას, აზერბაიჯანს. ბოლო სამი წელია რეგიონის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, მიუხედავად ამისა საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს (საშუალო ეკონომიკური ზრდა 2013-2015 წლები პერიოდში საქართველოში 3.6% იყო, თურქეთში 3.6%, სომხეთში 3.3%, აზერბაიჯანში 3.2%, ბელორუსიაში -0.4%, რუსეთში -0.6% და უკრაინაში -5.5%).
ჩვენი პროგნოზით 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა მინიმუმ 3.0 პროცენტით გაიზრდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.0%-ით, 2017 წელს 4.5%-ით, ხოლო 2018 წელს 5.0%-ით გაიზრდება. საყურადღებოა, რომ მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს 2017-2018 წლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 21 ქვეყნიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება (საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით მხოლოდ უზბეკეთის, თურქმენეთის და ტაჯიკეთის პროგნოზებს ჩამორჩება). ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 3.4%-მდე გაზარდა პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ. გაცვლითი კურსის გაუფასურება არ ყოფილა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა. ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა. დიდი საგარეო შოკის და ბოლო პერიოდში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების მიუხედავად სხვა ქვეყნების ვალუტების კიდევ უფრო მეტად გაუფასურების გამო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება. 2016 წლის ივლისის მდგომარეობით ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2012 წლის ივლისთან შედარებით 6.4%-ით არის გამყარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები