“საჭიროა კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი”

ქორწინების საკითხთან დაკავშირებით დასმულ მოთხოვნას ჩვენი პოზიცია სრულად ეხმიანება, რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სარეფერენდუმო ინიციატივის შეფასებისას ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“რეფერენდუმის დანიშვნის საკითხზე გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მმართველი პოლიტიკური პარტიის პოზიცია, რაზეც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, არის ის, რომ საჭიროა კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამ მიზნით ჩვენ მოვამზადეთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. სახალხო განხილვები დასრულდა და ეს პროექტი პარლამენტშია – ანუ ჩვენი პოზიცია სრულად ეხმიანება დასმულ მოთხოვნას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე შეფასებით, ქორწინების საკითხი მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირი და ცხადი არ არის.
“არის დეფინიცია მეუღლეების შესახებ, მაგრამ პირდაპირ არ წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის ერთობა, რაც ცალკეულ ჯგუფებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ამიტომაც მომზადდა ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ პარლამენტში შემოვიტანეთ“, – აღნიშნა ბესელიამ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა. საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები