პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ მასალებს სწავლობს

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროსგან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ მთავარ პროკურატურაშიც დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე მასალების შესწავლა მიმდინარეობს.
„აღნიშნულ ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას აწარმოებდა.
„ვინაიდან პროკურატურა არცერთ სამსახურებრივ შემოწმებას არ ზედამხედველობს, შესაბამისად, არ გვქონდა ინფორმაცია. მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პროკურატურა დაინტერესდა საკითხით და გამოითხოვა თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული მასალები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“,- განმარტავენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროდან მიღებული მასალები პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის საიდუმლო სამხედრო ობიექტებზე შესვლას ეხება. „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ სკრიპტუმმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა. პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურებრივი საშვით შეძლო. საიდუმლო ობიექტები კი წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, მან ციხე, პოლიტპატიმრის სტატუსით, დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები