ანდრია გოცირიძე: პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევები საქართველოსთვისაც აქტუალურია
„პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევები საქართველოსთვისაც აქტუალურია“, – წერს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე ჟურნალ „per Concordiam“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. მისივე განცხადებით, დამნაშავეების სამიზნე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები, კომერციული სტრუქტურები, საინფორმაციო ქსელები და ინფრასტრუქტურაა.
„კიბერელემენტების გამოყენება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო მიზნების მისაღწევად, გეოპოლიტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად თანამედროვე მსოფლიოს რეალობაა. ამ მხრივ, გამონაკლისს არც საქართველოს კიბერსივრცე წარმოადგენს. პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევები საქართველოსთვისაც აქტუალურია. გარდა ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა, ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრობისა და ქვეყნის მკაფიოდ გამოხატული ევროატლანტიკური ვექტორის გათვალისწინებით, დამატებით სამიზნეს წარმოადგენს საქართველოში არსებული პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საზღვარგარეთული კომერციული სტრუქტურების საინფორმაციო ქსელები და ინფრასტრუქტურა“, – წერს გოცირიძე.
სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ზემოთ ჩამოთვლილი ობიეექტების მიმართ საფრთხე, შესაძლოა, ისეთი აქტორებისგან მომდინარეობდეს, როგორიცაა: მაღალგანვითარებული კიბერშეტევითი პოტენციალის მქონე ქვეყნები, ტერორისტული ორგანიზაციების კიბერდანაყოფები და ფინანსურად მოტივირებული კიბერდამნაშავეები.
წყარო : cyber.kvira.ge