“პრეზიდენტზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ქორწინებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის დანიშვნას ხელი არ მოაწეროს”

სანდრო ბრეგაძე და საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მოთხოვნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელმოსაწერად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა, მაგრამ, მისივე თქმით, უკვე გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციით, პრეზიდენტზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან ხელი არ მოაწეროს რეფერენდუმის დანიშვნას.

„საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნების გამოსახატად უმოკლეს დროში ნახევარ მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება მოვახერხეთ. ჩვენი ინფორმაციით, პრეზიდენტი რეფერენდუმის არ დანიშვნის მოთხოვნით განიცდის ზეწოლას – ლიბერასტი ძალების, ჰომოსექსუალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ზოგიერთი საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლისა და უცხოეთში არსებული ჯგუფების მხრიდან. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას საკითხის რეფერენდუმზე გატანა“, -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, მაგრამ თუკი დადასტურდება, რომ საქართველოში ამერიკის ამჟამინდელი ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და პრეზიდენტზე ზეწოლას ის ახდენს, მაშინ აშშ-ს ადმინისტრაციას გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

„თუ დაზუსტდება, რომ აშშ-ს ახლანდელი ელჩი რეფერენდუმის საქმეში ერევა და ახდენს ზეწოლას პრეზიდენტზე, მაშინ აშშ-ს ადმინისტრაციას მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ორი ქვეყნის კეთილმეგობრულ ურთიერთობას ეწინააღმდეგება. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში და ქვეყნის პირველ პირზე ზეწოლა განახორციელოს“,-გაბაცხადა სანდრო ბრეგაძემ

მისივე თქმით, ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა ხელმოწერების შეგროვებას საინიციატივო ჯგუფი ისევ აგრძელებს და ამჟამად, მთლიანი რაოდენობა ნახევარ მილიონს შეადგენს. ვიდრე პრეზიდენტი კანონით გათვალისწინებულ ვადებში რეფერენდუმის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ხელმომწერთა რაოდენობა, სანდრო ბრეგაძის თქმით, მილიონნახევარი გახდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

კანონმდებლობის მიხედვით, რეფერენდუმის დასანიშნად, პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს. ამ 30 დღის განმავლობაში მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის, ან რეფერენდუმზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები