“მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო მაჩვენებელი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ტურისტების ნაკადი გაიზარდა.
განცხადება პრემიერმა  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო მაჩვენებელი, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ადამიანი, რაც არის უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელი, დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეკორდულია ივლისის თვე, როცა საქართველოს 764 022 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, რაც 26 124-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია, მეზობელ ქვეყნებთან ერთად, შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით. ასევე, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 354 მილიონი დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული მიკრო-სასტუმროებიდან, ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი, მსხვილი კომპლექსებით. ეს არის, რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული ადამიანი საქართველოში, რაც, ჩვენი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ყველას, ვინც ამ მიმართულებით იმუშავა, მადლობა გადაუხადა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, მომავალი წლის ღონისძიებები ახალი სქემით დაიგეგმება.
„ეს ტენდენცია არამხოლოდ უნდა შენარჩუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან საქართველოს პოპულარობა იზრდება. მნიშვნელოვნად აიწია ჩვენი ქვყენის საერთაშორისო ცნობადობამაც. ვფიქრობ, რომ უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდეთ მომავალ წელს, რაც ვფიქრობ, ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ მნიშვნელოვნად, ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ“, – განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები