გიორგი კვირიკაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას მინისტრის რანგში პირველად ესწრებიან: თავდაცვის ახალი ხელმძღვანელი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
სხდომის დაწყებამდე პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა.
„მივესალმები ჩვენი მთავრობის ორ ახალ წევრს – ქალბატონ ქეთი ციხელაშვილს და ლევან იზორიას, მინდა ვუსურვო მათ წარმატებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული. ძალიან კვალიფიციური ორი ახალი წევრი შემოგვემატა და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით,” – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე წარმატებები უსურვა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მისივე განმარტებით, სამთავრობო ცვლილება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ყოფილი თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძე საარჩევნო პროცესში ჩაერთვება.
„წარმატება მინდა ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს. მან ძალიან ეფექტურად დაიწო მოღვაწეობა აჭარაში. ზურაბი გახლავთ ყოფილი დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის თავმჯდომარე იქნება. რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, არჩევნებთან დაკავშირებით მას მოუწევს უკვე საარჩევნო პროცესში ჩართვა და ეს ცვლილება სწორედ ამით იყო განპირობებული. მინდა, გადავუხადო მას მადლობა და ასევე წარმატება ვუსურვო ჩვენს გუნდთან ერთად უკვე არჩევნების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები