ამირან სალუქვაძე: ლევან იზორიაზე გაკეთებული ზოგიერთი განცხადება სუს-ზე ინსტიტუციურ შეტევას ნიშნავს

ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს წინასაარჩევნო გარემოს უკავშირებს ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან სალუქვაძემ განაცხადა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის კრიტიკა სუს-ზე ინსტიტუციურ შეტევას ნიშნავს, რაც მისასალმებელი არ არის.
ლევან იზორიაზე პიროვნულად არავის გაუკეთებია უარყოფითი კომენტარი. მე საერთოდ არ ვიცნობ პიროვნულად, მაგრამ მიმაჩნია, რომ კრიტიკის შემცველ განცხადებებზე გარკვეულწილად საარჩევნო გარემომ იმოქმედა. ეს იყო გაუაზრებელი განცხადებები, ხაზგასმა, რომ ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოდან გადმოვიდა, არის ინსტიტუციური შეტევა. თუ რამე პიროვნული შენიშვნები ჰქონდათ, შეეძლოთ ეთქვათ, რომ ეს პიროვნება თანამდებობას არ შეესაბამება, მაგრამ სახელმწიფოს პირველი პირების განცხადებებმა გაუგებარი შთაბეჭდილება დატოვა“, -განაცხადა ამირან სალუქვაძემ და შეშფოთება გამოხატა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელისა და პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის პოზიციის მიმართ.
„ ეს ადამიანები ოთხი წელი იყვნენ ხელისუფლებაში და თუკი, სუს-ის მიმართ ინსტიტუციურ ხარვეზებზეა საუბარი, მათი გამოსწორების საშუალება ამ დროის განმავლობაში საკმარისად ჰქონდათ. მიმაჩნია, რომ ამ ინსტიტუტის დაკნინება არ შეიძლება“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები