ლევან იზორია წინამორბედის კრიტიკას პასუხობს: სტერეოტიპი ბოლშევიკურია და უნდა დავანგრიოთ

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მის დანიშვნასთან დაკავშირებით ყოფილი მინისტრის კრიტიკულ განცხადებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მსოფლიოში ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც უშიშროების სამსახურიდან თანამდებობის პირები თავდაცვის სფეროში ინაცვლებენ.
იზორიას თქმით, ის ნეგატივი, რომ ამ სამსახურიდან მოსული არის ცუდი სტერეოტიპი, ბოლშევიკურია და უნდა დავანგრიოთ.
“ყველას მოსაზრებას პატივს ვცემ. ჩემი წინამორბედების გაწეულ სამსახურსაც ვაფასებ. შეფასებებში პოზიტიური ვიქნები და არავითარ შემთხვევაში – ნეგატიური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პოზიციას, ეს საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად ობიქტური და სამართლიანია ეს კრიტიკა. უფრო მეტსაც დავამატებ – აშშ-ში გახლდით რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად და შევხვდით იქაური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას. იქ ბევრად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ამ სამსახურის მიმართ. უფრო პატივს სცემენ. უნდა დავუფასოთ ასეთ ადამიანებს შრომა“, – განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ტოქშოუ “ფაქტორში”.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თანამდებობა ოფიციალურად გუშინ დატოვა. მის შემცვლელად კი პრემიერ-მინისტრმა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა. მოგვიანებით, სწორედ პრემიერის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ყოფილი მინისტრი და განაცხადა: „პირდაპირ, რომ ვთქვა, არ შეიძლება ჯარს თავზე სუს-ი დაასვა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები