სოფო კილაძე: საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მმართველობის“ დროს პარტიული იყო
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესები არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას.
ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოფო კილაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თემა ერთიან კონტექსტში უნდა იქნას განხილული.
„პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეული გეგმის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. 2003 წელს ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილი რევოლუციური სცენარი. ამჟამად მათ სურთ ამის განმეორება, რადგან ზუსტად იციან, რომ არა აქვთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი. ეს პროცესები მიუთითებს, რომ ერთადერთი გამოსავალი მათთვის, ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ წაყვანაა და საამისოდ ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში საკონსტიტუციო სასამართლო თავისი აქტიურობით არ გამოირჩეოდა.
„ნებისმიერ ქვეყანაში ეს სასამართლო კონსტიტუციის დაცვის გარანტია, რომელიც პასუხისმგებელია, რომ ქვეყანაში არ მოხდეს სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან საკონსტიტუციო ჩარჩოების გარეთ გასვლა. საქართველოში გვქონდა სიტუაცია, როცა საკონსტიტუციო სასამართლო „ნაციონალური მმართველობის“ დროს იყო პარტიული. 2012 წლის შემდეგ კი, რამდენჯერმე მოიმატა სარჩელების რიცხვმა ამ სასამართლოში და ძალიან ხშირად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს სარჩელები შეაქვთ იმ ნორმებსა და კანონებზე, რომლებიც მათივე მმართველობის დროს იყო მიღებული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.