მოსამართლეების შეხვედრა დიპკორპუსის წარმომადგენლებთან დასრულდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მისამართით გაგზავნილ წერილზე ესაუბრნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ზაზა თავაძემ დიპკორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზება არ ხდება და ნებისმიერი საქმის განხილვის გადადება მუშა პროცესია.

„არაერთი პროცესი გადადებულა სასამართლოს მუშაობის პერიოდში. როგორც ბატონი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი შეხვდა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს და გაუზიარა მოსაზრებები, ისე გავუზიარეთ ჩვენც ჩვენი მოსაზრებები და ჩვენი ხედვა. სასამართლოს ნებისმიერ  წევრს შეუძლია, შეხვდეს ნებისმიერ პირს, იქნება ეს უცხოელი, თუ საქართველოს მოქალაქე“, – აღნიშნა ზაზა თავაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამრთლეები: ზაზა თავაძე, ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას, სხვა დიპლომატებთან ერთად, საქართველოში ბრიტანეთის ელჩიც ესწრებოდა.
რაც შეეხება პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილს, მას საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა მოსამართლემ მიმართა, სადაც საუბარია, რომ პაპუაშვილი პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეების დაჩქარებულად, არაგონივრულ ვადებში განხილვას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები