საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება

საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
როგორც “კვირას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.

“ჩვენ ჩინურ მხარესთან ვსაუბრობთ საქართველოში ქურთუკების ფაბრიკაზე. ქურთუკების ქარხანა არის სწორედ ძიანგსიში, რომელიც მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60% აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი ბრენდები უკვეთავენ. ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე მსხვილი საწარმო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს საქართველოში ქურთუკების ქარხნის ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან მომავალში საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს.

საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვედრები  ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინციის მთავრობასთან და ჩინეთის  ქურთუკების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიასთან ჰქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ჩინეთის ბიზნესსემინარზეც გაფორმდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს. გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მყოფმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში შანხაისა და ნანჩანგში. ჩინურ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა, მათ შორის ნანჩანგში ძიანგსის პროვინციისა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის შემდეგ ხელი მოვაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს China-Eurasian Economic Cooperation Fund-თან (ჩინეთ-ეურაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი).  ცერემონიალს პირველი ვიცე-პემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი და საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები