არჩილ თალაკვაძე: დარწმუნებული ვარ, ლევან იზორია საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აამაღლებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას დადებითად აფასებს და დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი საქართველოს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო აამაღლებს. ამის შესახებ თალაკვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

”ლევან იზორიასთან ერთად თითქმის ორი წელი ვიმუშავე შს სამინისტროში და შემიძლია ვთქვა, რომ ის ზედმიწევნით კარგად ერკვევა მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, აქვს პარლამენტთან თანამშრომლობის გამოცდილება, ძალოვან უწყებებში იყო დემოკრატიული ცვლილებების ინიციატორი. ლევანს ზუსტად ესმის, მოცემულ პირობებში რა არის საჭირო ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან იზორია კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და თავდაცვის სამინისტროს სწრაფი ტემპებით კიდევ უფრო დააახლოებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალ სტანდარტებთან.

მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას აშშ-ში და ალიანსის წევრ ქვეყნებთან, როგორც სამთავრობო, ისე ექსპერტულ წრეებთან აქვს ძალიან კონკრეტული თანამშრომლობის გამოცდილება. ვფიქრობ, მნიშვნელოვან კონტაქტებს და მის მიმართ არსებულ კეთილგანწყობას წარმატებით გამოიყენებს თავდაცვის მინისტრის პოსტზე.

ის მუშაობდა ევროპაში, აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა და იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ შს სამინისტროში ვმუშაობდით, არაერთხელ ყოფილა საქმიანი ვიზიტების თუ საქმიანი დელეგაციების ხელმძღვანელი. ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მის სუსტ მხარეებს, პირიქით მისი საერთაშორისო გამოცდილება არის ლევანის ერთ-ერთი ძლიერი მხარე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები